რატომ დაედო სასჯელი მღვდელ ანდრია სარიას

22-01-2020 19:58:08 საზოგადოება

მამა ანდრია სარიას მიმართ მღვდელმსახურების აკრძალვის გადაწყვეტილებას საფუძვლად მის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები დაედო,– განუცხადა გადაწყვეტილების განმარტებისას ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხსენებული ქმედება "ეკლესიიდან განკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა პატრიარქმა გულმოწყალება გამოიჩინა და მას მონანიების საშუალება მიეცა".

მისივე სიტყვებით, მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება, თუმცა სასულიერო პირმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და "გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ" და ამის შემდეგ მიიღო "მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა პატრიარქმა გადაწყვეტილება".

შეურაცხმყოფელ განცხადებებს შორის დეკანოზმა დაასახელა შემდეგი ფრაზები, "საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე", რომ "საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია".

"ვფიქრობ, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს მის ეპარქიაში, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მღვდილისაგან რამდენ ხანში შეუჩერებდა მღვდელმსახურებას. ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა, მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს, განკვეთა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება",– განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება მიღებულ სასჯელს, როგორც დეკანოზი განმარტავს, ეს გულისხმობს, რომ სასულიერო პირს შეეზღუდა მღვდელმსახურება:ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას, რასაც მღვდელი ასრულებს, ის ვერ შეასრულებს.

"სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ "ბანდას" დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის: მღვდელმონაზონი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, აკრიტიკებდა საპატრიარქოს უშუალოდ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებითაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები