
მედია: უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება ვენესუელის არჩევნების შესახებ
31/07/2024 13:07:02 ევროპა, მსოფლიო
უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის განცხადებას, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას ვენესუელის არჩევნებზე შესაძლო დარღვევების შესახებ.
როგორც Politico-ს ვითარების მცოდნე ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ევროკავშირის ქვეყნებს სურდათ ერთობლივი განცხადების დამტკიცება, მაგრამ ბუდაპეშტის პოზიციამ ამას ხელი შეუშალა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა შემდგომში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების სანდო ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა მრავალი დარღვევით“.
უნგრეთის მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ვეტოს მოტივაციაზე.
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.