პეტრიაშვილი: „ეს ნამდვილად არის განგაშის სიგნალი...წაყრუებას არავისთვის მოუტანია შედეგი“

22-01-2020 23:58:14 პოლიტიკა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ–მინისტრისადმი მიწერილ წერილს განგაშის სიგნალს უწოდებს:

„უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დაწერილი წერილი. წუხილი და გაფრთხილება იმისა, რომ დროზე იქნას ხელისუფლების მხრიდან ზომები მიღებული, რათა კიდევ უფრო არ გართულდეს ეს ურთიერთობები და პროცესები საქართველოში. ეს ნამდვილად არის განგაშის სიგნალი, მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი. დარწმუნებული ვარ (საკუთარი გამოცდილებით), როდესაც პერსონალური კომუნიკაციები იმართება დახულურ კარს მიღმა, იქ კიდევ უფრო მეტი სიხისტით და პირდაპირობით ისმება საკითხები. რაც შეეხება კრიტიკის ინტენსივობას, წერილები იყო, მაგრამ მსგავსი ინტენსივობა არ მახსენდება“

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს, რომ კრიტიკა ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული და კრიტიკოსები ოპოზიციონერებს შეჰყავთ შეცდომაში, პეტრიაშვილის შეფასებით, ეს „გულუბრყვილო თავის გამართლების მცდელობა“.

„ვშინგტონში სახელმწიფო მოხელეების კარი მუდამ ღიაა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ევროპარლამენტარებსაც ასეთივე მზაობა აქვთ საქართველოსთან თანამშრომლბის. ხელისუფლების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ვაშინგტონში. მათი არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ემ ოთხი კონგრესმენი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელობანნი და გავლენიანები თავად კონგრესში, დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ“,– ამბობს პეტრიაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში და დასძენს, რომ „წაყრუებას არავისთვის არასდროს მოუტანია შედეგი“.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

წერილთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან:

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, შეწყვიტოს ან შეცვალოს ქმედება. ისინი აფრთხილებენ იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება მთავრობის ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას. ამ გაფრთხილების ავტორები საქართველოს მეგობრები არიან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები