რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

01-08-2024 15:53:24 ეკონომიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია "Jan De Nul" ("იან დე ნული") შეირჩა.

რა ვიცით კომპანიის შესახებ

„იან დე ნული“ არის ბელგიური კომპანია, რომელსაც დე ნულების ოჯახი მართავს. ოჯახმა ბიზნესსაქმიანობა 1849 წლიდან დაიწყო. „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა. ამჟამად კომპანიას დე ნულების რიგით მე–6 თაობა მართავს.

კომპანიის შტაბ–ბინა ლუქსემბურგში მდებარეობს. ის საერთაშორისო ბაზაზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. მისი ძირითადი მიმართულება საზღვაო ინჟინერიაა.

კომპანია 1960–იანი წლებიდან საქმიანობას იწყებს ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში. 1968 მისი პირველი პროექტი საფრანგეთში ლე ჰავრის პორტამდე მისასვლელი არხის გაღრმავება იყო.

1970-იან წლებში "იან დე ნული" აზიაში, მათ შორის ტრიპოლის (ლიბია 1972) და ბანდარ აბასის (ირანი 1976) პორტებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში იყო ჩართული.

1980-იან წლებში კომპანია არა მხოლოდ ევროპასა და აზიაში იყო წარმოდგენილი, არამედ – ავსტრალიაში, ამერიკასა და აფრიკაში. კომპანიამ მექსიკაში "Manzanillo"–ს, "Coatzacoalcos"––ის და "Playa del Carmen"–ის პორტებში გათხრითი სამუშაოები განახორციელა. "იან დე ნულმა" ალექსანდრიაში (ეგვიპტე) მშრალ დოკი [ ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობა, ძალზე დიდი სწორკუხა ორმოს სახისა, რომელიც წყლის დონის ქვემოთაა; ივსება თვითდინებით, იცლება ტუმბოებით, წყალსატევისაგან განცალკევებულია რაზებით, გაკუთვნილია გემების ასაშენებლად და სარემონტოდ] ააშენა.

"იან დე ნულმა" პირველ ოფშორულ პროექტი 1991 წელს განახორციელა, რომელიც ითვალისწინებდა ჩრდილოეთის ზღვაში 1300–კილომეტრიანი მილსადენის დამონტაჟებას ნორვეგიიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. "იან დე ნული" პასუხისმგებელი იყო ზეებრუგეში მილსადენის თხრილების და ნაპირთან მისადგომების გაღრმავებაზე.

1992 წელს კომპანიამ ჰონგ–კონგის "ჩეკ ლაპ კოკის" ახალი აეროპორტის სამელიორაციო სამუშაოები განახორციელა. აღნიშნულის შემდეგ 1992 წელს "იან დე ნულს" ბელგიის საექსპორტო ოსკარი გადაეცა.

კომპანია ამჯამად პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის 2002 წელს მან დუბაიში მდებარე Palm Island II-ის მშენებლობის პროექტში სამელიორაციო სამუშაოები შეასრულა.

2023 წლის მონაცემებით, კომპანიის სავაჭრო ბრუნვა 2,9 მლრდ ევროს შეადგენდა და დასაქმებული ჰყავდა 7,491 ადამიანი.

რა კავშირი აქვს "იან დე ნულს" რუსეთთან

"იან დე ნული" ჩართული იყო რუსეთში განხორციელებულ პროექტებშიც. კერძოდ, ერთ–ერთი ითვალისწინებდა "თხევადი ბუნებრივი აირის" (LNG) ქარხნისა და პორტის მშენებლობას რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში. კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი "თხევადი ბუნებრივი აირის" ქარხანა, რომელიც არქტიკული წრის მიღმა აშენდა. "იან დე ნულის" ინფორმაციით, მან 2012 და 2013 წლებში საწარმოსა და პორტის წყლებთან მისასვლელი არხის პირველი ფაზის გათხრის სამუშაოები შეასრულა და შემდეგ 50 კმ სიგრძეზე ზღვის არხის გაღრმავება განხორციელდა. მისი ცნობით, პროექტი 2016 წელს წარმატებით დასრულდა.

რა კავშირი აქვს "იან დე ნულს" ჩინეთთან

კომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "იან დე ნული" ჩართულია ჩინეთში განხორციელებულ პროექტში და ასევე, გემების ნაწილს ჩინურ გემთმშენებელ ქარხნებს აშენებინებს.

კერძოდ, კომპანიის მიერ განხორციელებული ერთ–ერთი პროექტი ითვალისწინებდა ჩინეთსა და კუნძულ ჰაინანს შორის დაამონტაჟებული 500 კილოვატი სიმძლავრის კაბელების კლდის ბერმებით დაფარვას. "იან დე ნულის" ცნობით, 500 კილოვატი სიმძლავრის 4 კაბელი საჭიროებდა კლდის ბერმებით დაფარვას ისეთ ადგილებში, სადაც თხრილის მოჭრა შეუძლებელი იყო, რადგან ზღვის ფსკერზე ნიადაგი ძალიან მძიმე იყო. "იან დე ნულის" ინფორმაციით, მას სწორედ ეს სამუშაო შეასრულა.

კომპანიას ჰყავს გემები, რომლებიც ჩინეთის გემთმშენებელ ქარხნებშია აგებული, მათგან ერთ–ერთია Les Alizés, რომელიც სპეციალურად შექმნილია ოფშორული ქარის ტურბინების საძირკვლის ჩაყრისთვის, ტრანსპორტირების, აწევისა და ინსტალაციისთვის.

"იან დე ნულის" ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი გემთმშენებელი კომპანიაა China Merchants Industry Holdings Co. Ltd., რომელიც მდებარეობს ქალაქ ნატონგში.

"გემი პირველ მისიას გერმანიაში შეასრულებს. იქ ის გადაიტანს და დაამონტაჟებს 107 მონოპილის საძირკველს და ერთ ოფშორულ ქვესადგურს Ørsted's Gode Wind 3 და Borkum Riffgrund 3 ოფშორული ქარის ელექტროსადგურებისთვის", – ნათქვამია კომპანიის მიერ 2023 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშატბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციები და "იან დე ნული"

მსოფლიოში სულ ხუთი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს სამუშაოს საჭირო მოცულობა შეზღუდული ნავიგაციის პერიოდში არქტიკულ პირობებში. ეს კომპანიებია: "Van Oord", "Boskalis", "იან დე ნული", "DEME" და ჩინური კომპანია "China Communications Construction Company" (CCCC).

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გამო 2022 წელს "იან დე ნულმა" და კიდევ სამმა (Van Oord, Boskalis და DEME) იგივე პროფილის მსხვილმა ევროპულმა კომპანიამ რუსეთი დატოვეს.

"ჩინური СССС-ის საკუთრებაში არსებული ჩინური გემების განლაგება არქტიკაში შეუძლებელია, რადგან აზიიდან არქტიკაში გადასვლა სუეცის არხის გავლით ძალიან ძვირია. გარდა ამისა, ჩინური კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასები რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე ამას რუსული პროექტები დასავლური კომპანიების ჩართულობის შემთხვევაში ითვალისწინებს", – წერდა მედია 2022 წელს.

ანაკლია და ჩინური СССС

სწორედ ჩინურ СССС–ის ანდო საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენება.

ამავე თემაზე: გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ანაკლიას სანქცირებულ ჩინურ კომპანიას აბარებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები