"ან წამოვლენ ჩვენს შემოთავაზებაზე, ან მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული"

23-01-2020 02:45:30 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ოპოზიცია არ დასთანხმდება მმართველი გუნდის უკანასკნელ შეთავაზებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემა "გამოიგლოვონ".

"ან შედეგით დასრულდება [მოლაპარაკებები] და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,"- ამბობს თეა წულუკიანი POSTV-ის ეთერში.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. სადღეისოდ მოქმედი საარჩევნო სისტემით, 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით. თავის მხრივ ოპოზიცია მმართველ გუნდს ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს.

News

Other news