ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

23-01-2020 10:08:37 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.

მამუკა ხაზარაძის ღია წერილს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები. აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

ეჭვქვეშ დგება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ამ ვითარებაში მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება, დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30-წლიანი ბრძოლით, შრომითა და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება, კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.

კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს.

მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის ღია წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები