
ხანგოშვილის მკვლელი პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს
02/08/2024 06:09:00 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებიდან გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის ჩეჩენთა საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა.
პუტინი გათავისუფლებულ რუსებს, რომლებიც მოსკოვში ანკარიდან წუხელ ჩაიყვანეს, თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა, „სახლში დაბრუნება მიულოცა“ და დაჰპირდა, რომ "მალე ისევ შეხვდებიან და მათ მომავალზე ილაპარაკებენ".
პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან" და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის". კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასი" ციტირებს პუტინის სიტყვებსაც, რომ "დასავლეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა მოქალაქე წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე".
რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ პატიმრები 1 აგვისტოს გაცვალეს.
რუსეთისთვის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გადაცემულ პირებს შორის აღმოჩნდა ვადიმ კრასიკოვიც – ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს.
ამავე თემაზე: "მტკივნეულია, მაგრამ სხვებს გადაარჩენენ" – რას ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა მკვლელის გათავისუფლების შემდეგ