
New York Times: ФСБ–ს "ქილერი" კრასიკოვი პუტინის მეგობარია
02/08/2024 10:02:33 მსოფლიო
კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ФСБ–ს "ქილერს" ვადიმ კრასიკოვს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებთან პატიმრების გაცვლის შედეგად დაბრუნდა რუსეთში, თავის მეგობრად მიიჩნევს, ამის შესახებ The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
The New York Times აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს რუბინმა მიიღო ინფორმაცია პუტინისთვის კრასიკოვის მნიშვნელობის შესახებ.
პუტინისა და კრასიკოვის მეგობრობის დეტალები უცნობია, მაგრამ მოლაპარაკებების მიმდინარეობიდან გამომდინარე, ФСБ–ს "ქილერის" გარეშე გაცვლა არ შედგებოდა. 2023 წლის იანვარში შეერთებულ შტატებს სურდა, გაეცვალა ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, მათ შორის, სლოვენიაში ჯაშუშობისთვის დაჭერილ ანა და არტემ დულცევებზე. იმავე წლის ნოემბრისთვის სიას დაემატა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და მოსკოვს შესთავაზეს ორივე ამერიკელის ოთხ რუს ჯაშუშში გაცვლა, თუმცა რუსეთმა უარყო წინადადებები.
წყაროები ყვებიან, რომ ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი როჯერ კარსტენსი შეხვდა რომან აბრამოვიჩს და ჰკითხა, შეეძლო თუ არა პუტინს პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის კრასიკოვზე გაცვლა. აბრამოვიჩმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უარს იტყოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაურეკა კარსტენსს და თქვა, რომ "პუტინი დათანხმდა".
გამოცემის წყაროებმა პუტინის მზადყოფნა იმით ახსნეს, რომ მან არ გაამჟღავნა საიდუმლო ინფორმაცია დაკითხვის დროს და რუსეთის პრეზიდენტისთვის გახდა "ეროვნული მნიშვნელობის მისიის შემსრულებელი". ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო 12 რუსი პოლიტპატიმრის კრასიკოვზე გაცვლა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა და The Washington Post-ის წყაროებმა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პუტინი პირადად მივიდა რუსეთში გაცვლის ფარგლებში დაბრუნებულ პატიმრებთან შესახვედრად. თვითმფრინავიდან გადმოსვლისას კრასიკოვს მოეხვია.
კრასიკოვი გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის იხდიდა სამუდამო სასჯელს. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში "მაყუჩიანი" პისტოლეტით მოკლეს 2019 წელს. პოლიციამ მკვლელი სწორედ მაშინ დააკავა, როდესაც იარაღის გადაგდებას ცდილობდა. მას უპოვეს პასპორტი, რომელიც 2015 წელს ვინმე ვადიმ სოკოლოვზე იყო გაცემული. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სოკოლოვი იგივე კრასიკოვია და, რომ ხანგოშვილი მან კრემლის დავალებით მოკლა.
გერმანულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. გამოცემა “ბელინგქეთი“ წერდა, რომ მას რუსეთში 2013 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. თუმცა 2015 წელს საქმე შეწყდა და ვადიმ კრასიკოვი გაუჩინარდა.