05-08-2024 15:27:10 ეს საინტერესოა ,ინტერვიუ
ამ დრომდე გრძელდება დისკუსია დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პატიმრების უპრეცედენტო გაცვლის ირგვლივ, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ფასდება ცივი ომის შემდეგ. მოსკოვმა დაიბრუნა ФСБ–ს აგენტი, საქართველოს მოქალაქის მკვლელი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური დისიდენტების გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა პროცესებმა კვლავ საქართველოს მიღმა ჩაიარა.
რა რესურსი ჰქონდა თბილისს, გამხდარიყო პროცესის ნაწილი
პატიმრების შესაძლო გაცვლის თაობაზე უდავოდ რთული მოლაპარაკებებიდან პერიოდულად გამოჟონილი ცნობებიდანაც იგრძნობოდა ვადიმ კრასიკოვისადმი მოსკოვის მაღალი ინტერესი (ინტერესი არც ვლადიმირ პუტინს დაუმალავს), მაგრამ ამჟამად უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეთანხმება სწორედ რომ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაზე ბერლინის თანხმობამ გახადა შესაძლებელი.
„რუსეთის გადასახედით, ჩავარდნილი ოპერაციებიდან ჯაშუშების დახსნა სტრატეგიული მნიშვნელობისაა: სახელმწიფო ძალიან მაღალ დონეზე ინვესტირებს ამ სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას (დღესაც და სამომავლოდაც), რადგან თავად პოლიტიკური ელიტის ბეგრაუნდი აქედან მოდის (ვგულისხმობ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთლიანად მის ანტურაჟს). უსაფრთხოების სფეროში დასაქმებულმა ოპერ–თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელი უნდა მოაწერონ კრემლის ნებისმიერ დავალებას და ღონისძიების ჩავარდნის შემთხვევაში, მათ ასევე დადასტურებულად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან კრემლი მათ გამოიყვანს – სწორედ ეს გზავნილი გაგზავნა ვლადიმირ პუტინმა ყველა სადაზვერვო სამსახურის ოფიცერთან“,– ამგვარად ხსნის „აქცენტთან“ უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი საქმიანობის, მათ შორის, სპეციფიკურ და სენსიტიურ მოლაპარაკებებში ჩართულობის გამოცდილების მქონე კახაბერ ქემოკლიძე კრასიკოვის „ქეისისადმი“ მოსკოვის მაღალ ინტერესს.
ეს მაღალი ინტერესი, ოფიციალურ თბილისს აძლევდა შესაძლებლობას, ხოლო ვინაიდან საუბარი იყო საქართველოს მოქალაქის მკვლელზე – ლეგიტიმურ უფლებას, მოეთხოვა პროცესში ჩართულობა:
„ელემენტარულად, გერმანიის ელჩი რომ დაგვებარებინა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გვეთქვა, რომ „ჩვენ წინააღმდეგები ვართ და თუ ეს მოხდება, საერთაშორისო სკანდალს ავტეხთ“, ისინი იძულებულები გახდებოდნენ, საქართველო ამ გარიგების ნაწილი გაეხადათ“,– ამბობს ქემოკლიძე.
ის იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში თბილისს შესაძლოა, დიდი წინააღმდეგობა ვერ გაეწია გაცვლის მასშტაბებისა და გასაცვლელი „მაღალი კალიბრის პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურების“ გათვალისწინებით, თუმცა „სავსებით შესაძლებელი იყო“ სახელმწიფოს ინტერესის ჩადება ამ პაკეტში:
„საკითხს მარტივად რომ შევხედოთ, ჩვენი ინტერესი იყო საქართველოს იმ მოქალაქეების დახსნა, რომლებიც დრანდის [აფხაზეთში – რედ.] და ცხინვალის ციხეებში იმყოფებიან – შედარებით „პატარა თევზების“. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ პროგრამა მინიმუმზე, თუმცა დახსნადები იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში იმყოფებიან“.
ამჟამად ცნობილია უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მინიმუმ სამი მოქალაქის შესახებ, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. როგორც მათი თანამებრძოლები განმარტავენ, რუსეთი გასაცვლელ ტყვეთა სიაში მათ არ სვამს, შესაბამისად, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის ისედაც რთული მოლაპარაკებების დღის წესრიგში ვერ ხვდებიან და ეს გარემოებაც ამძიმებს მათ ბედს. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ციხეებში. განსაკუთრებით რთულად სახელდება ირაკლი ბებუას (9 წელი მიუსაჯეს) და ქრისტინე თაკალანძის (10,6 წელი) „ქეისები“. ამ უკანასკნელს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.
ქემოკლიძე იხსენებს პრეცედენტების არსებობას, როდესაც თითქოს წარმოუდგენელი ვითარების პოზიტიურად გადაწყვეტა გახდა შესაძლებელი – ამ პროცესის მონაწილე თავადაც იყო და ერთ–ერთ მაგალითად მოჰყავს გიორგი გიუნაშვილის შემთხვევა. გიორგი გიუნაშვილი 2016 წელს ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მას ჯერ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის მუხლით გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის უკანონო პატიმრობიდან 2017 წელს გათავისუფლდა.
„პოლიტიკურად ისეთ მაღალ დონეზე ჰქონდათ ეს „ქეისი“ აყვანილი, რომ მისი საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა – გათავისუფლება თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვენ იმდენი მოვახერხეთ (სამწუხაროდ, დეტალებს ვერ მოვყვები), რომ გარდა გიუნაშვილისა, აფხაზეთის და ცხინვალის ციხეებიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გამოვიყვანეთ. ეს იყო ძალიან ეფექტური და იმავდროულად, ძალიან შრომატევადი პროექტის და საქმის შედეგი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რაღაც ითავა და ის ბოლომდე მიიყვანა“,– იხსენებს ქემოკლიძე და იქვე დასძენს, „როდესაც არსებობს პატარა შესაძლებლობაც კი, სახელმწიფო მას უნდა ჩაებღაუჭოს. ამ შემთხვევაში კი ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო [კრასიკოვისადმი ინტერესი], მით უმეტეს, რუსებისთვის ნაკლებად საინტერესო „ქეისებზე“, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დე ფაქტო ცხინვალის და დე ფაქტო სოხუმის კონტექსტში – იქ კი რამდენიმე პრობლემური "ქეისია", რომელთა დაძვრაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“.
შეუძლებელი გახდეს შესაძლებელი...
ქემოკლიძე გამოდის შეხსენებით, რომ სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურების პოზიტიური ვალდებულებაა, შეუძლებელი გახადოს შესაძლებელი. მსგავსი გარიგებები, დიახ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თუმცა რეალურად სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების დონეზე წყდება და სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ამ დიდი გარიგების ნაწილი გამხდარიყო. მოცემულობაში ეს რომ ვერ თუ არ მოხდა, ორივე შემთხვევაში „დაზიანდა საქართველოს ინტერესი" რამდენიმე პერსპექტივაში:
ამდენად, ქემოკლიძე აჯამებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმე ჯამში ღირსების თვალსაზრისით უკიდურესად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და დასავლეთთან დაპირისპირებაში ჩართული „ქართული ოცნების“ ლიდერების ნარატივზე „ორ ფეხზე“ დგომის შესახებ მითითებით ამბობს, „ამ საქმეში გამოჩნდა, რამდენ ფეხზე დგანან და საერთოდ დგანან თუ არა ფეხებზე“: „როდესაც კანჯი ოღლი [გიგა ოთხოზორიას მკვლელი] გყავს დაუკავებელი და ცოცხალი; არჩილ ტატუნაშვილის [ყოფილი სამხედრო. ცხინვალში ე.წ. პოლიციელებმა მოკლეს წამებით] მკვლელები არათუ დაისაჯნენ, დაწინაურდნენ; ახალგორში ქართული ენის სწავლება ამოიღეს; გაჩაღებული „ბორდერიზაცია“ გაქვს ... ამაზე ხმას არ იღებ; სანაცვლოდ შენს რეალურ მეგობრებს – შენი სუვერენიტეტის გარანტორებს – „ეჭიმები“, აბსურდს აბრალებ; რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივზე ზიხარ; მეტიც, ინვესტირებ რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიით შენივე მოქალაქეებს მოუწამლო გონება და ხელოვნურად გაუღვივო შიშები – ეს არა „ორ ფეხზე“ დგომა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, რუსულ ცალფეხზე დგომაა“.