ინფორმირებული თუ შეცდომაში შეყვანილი პარტნიორები აშშ–სა და ევროპაში – ზაქარეიშვილის ანალიზი

23-01-2020 15:44:06 პოლიტიკა ,კომენტარი

ყოფილ სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ამერიკელი კონგრესმენების წერილის საბოლოო ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა მიზანი ისიცაა, რომ მისი შინაარსი „მთელმა საქართველომ გაიგოს“. კერძოდ, როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი იღებს წერილებს და მისი თქმით, „ასეც მომხდარა“, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოში უკვე იცოდნენ კონგრესმენების წერილის შესახებ, შესაბამიად, „არ შეიძლებოდა მისი დამალვა“ და ეს ნიშანდობლივია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კომენტარებს, რომ წერილში დაფიქსირებული კრიტიკული პოზიციები ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული, ზაქარეიშვილის თქმით, წერილები პირადი კომუნიკაციის არსებობას არ გამორიცხავს და ის დარწმუნებულია, რომ აშშ–ის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „საკმაოდ სწერიოზული საუბარი ექნება ბევრთან, მათ შორის ალბათ, ცალკე ბიძინა ივანიშვილთან“.

მისივე თქმით, როგორც ევროპელებს, ისე ამერიკელებს უნიკალური კომუნიკაცია აქვთ საქართველოში, ფლობენ სერიოზულ ინფორმაციასაც, ხოლო მმართველი გუნდი გზად მხოლოდ „უფსკრულს“ იტოვებს:

„ყველაზე ნიშადობლივია ის, რომ ეს არის მეგობრული წერილი და არა მტრული სახელმწიფოსადმი მიწერილი. ეს ხალხი [მმართველი გუნდის წევრები] რომ ამბობს, “ალბათ, ინფორმაცია არ აქვთო“, ძალიან სამარცხვინო განცხადებაა, რადგან სწორედ ესაა ის ხალხი, რომლებსაც ამერიკაში ყველაზე სწორი ინფორმაცია აქვთ: ქართულენოვან ინფორმაციებს, ქართულ გადაცემებს თარგმნიან, ამიტომ ზუსტად იციან, რა ხდება საქართველოში. ამდენად, ეს თავის უსუსურად დაცვა და იმ ხალხის შეურაცხყოფაა. ყველამ კარგად იცის, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი 14 ნოემბრის სპექტაკლი [პარლამენტმა ჩააგდო პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები]. მეც კი, რომელიც მანამდე მათ [ქართული ოცნების] მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი, გამორიცხულია, შევეცადო, ავხსნა, რა მოხდა 14 ნოემბერს. ეს იყო ფარსი. ჩემთანაც კი (არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, ვარ რიგითი მოქალაქე) საკმაოდ მაღალი დონის ხალხი გამოდის კონტაქტზე ევროპელებიდან და წარმოიდგინეთ, თუ ჩემამდე ჩამოდიან, რა დონეზე ახდენენ გამოკითხვას. მათ აქვთ უნიკალური კომუნიკაცია, სერიოზურ ინფორმაციას იღებენ, ტექსტებს თარგმნიან და იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ეს ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირე სახელმწიფო და გაერთიანებაა. ამდენად, მცდელობა, თქვან, რომ კომუნიკაცია არ აქვთ, ეს თავდაცვის რეჟიმში გადასვლაა; ესე იგი, ისინი არ აპირებენ დათმობას. მათ [„ქართულ ოცნებას] ორი უფსკრული აქვთ: უკან გადადგამენ ნაბიჯს, უსკრულში ვარდებიან, წინ გადადგამენ – ისევ უფსკრული, სხვა არჩევანი არ დაიტოვეს. დღეს ყველა გამწარებულია და თავს იცავს. მოვისმინეთ უმრავლესობის ერთ–ერთი წევრის დემაგოგია, „ჩვენ სახლემწიფოზე ვზრუნავთ, ისინი [ოპოზიცია] – პარტიაზეო“. არადა პირველი სამარცხვინო არგუმენტი, რატომაც ჩავარდა პროპორციული სისტემა, იყო, „უმრავლესობას ხომ არ დავშლიდითო“. ანუ პარტია გადავარჩინეთ და დავღუპეთ სახელმწიფო – ეს იყო მათი პირველი განცხადება, როდესაც თავის მართლებას შეუდგნენ 14 ნოემბრის ჩავარდნაზე“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

წერილთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან:

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, შეწყვიტოს ან შეცვალოს ქმედება. ისინი აფრთხილებენ იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება მთავრობის ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას. ამ გაფრთხილების ავტორები საქართველოს მეგობრები არიან“.

მანამდე კრიტიკული პოზიციების მოსმენა მოუწია ქართულ დელეგაციას ევროპარლამენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები