
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 1-4 აგვისტო
08/08/2024 09:41:49 კონფლიქტები
სოხუმში დააკავეს სკოლის მოსწავლე, რომელიც სროლის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმის მე-6 სკოლის მოსწავლე ჯამელ დმიტრიენკო დააკავა, რომელსაც ბრალად სკოლაში სროლის დაგეგმვა ედება.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენას „საზაგოდოებისთვის საშიში მეთოდით“ აპირებდა. ამისთვის იგი სოციალური ქსელის მეშვეობით დარეგისტრირდა ექსტრემისტულ ჯგუფში „ტელეგრამის“, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში მასობრივი მკვლელობების პროპაგანდით არის დაკავებული. ამის შემდეგ დმიტრიენკომ იარაღის, ტყვია-წამლის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენის შესაძლებლობების მოძიება დაიწყო. საქმის მასალები დე ფაქტო პროკურატურას გადაეცა.
ასლან ბჟანია სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს შეხვდა
დე ფაქტო რეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ტურიზმის, განათლებისა და ვაჭრობის მიმართულებით "თანამშრომლობის" განვითარებას გეგმავენ.
„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ახლო მეზობელია. პეტერბურგსა და აფხაზეთს თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვთ", - განაცხადა ბეგლოვმა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში ბიზნეს-დელეგაციის გაგზავნას გეგმავს. მისივე თქმით, რუს ბიზნესმენებს შეუძლიათ, აფხაზებს ისეთ პროექტებში დაეხმარონ, როგორიც არის სურსათის ბაზრების რეკონსტრუქცია თანამედროვე გასტრონომიულ სივრცეებად, აგარაკების მშენებლობა, ასევე სარესტორნე ბიზნესის განვითარება. "ტურიზმი აფხაზეთისთვის საკვანძო ინდუსტრიაა. მისი განვითარება ერთობლივად შეგვიძლია. რუსეთიდან ჩასული ტურისტების მხრიდან აფხაზეთზე მოთხოვნა დიდია. ინდუსტრიის გასავითარებლად ხარისხიანი ინფრასტრუქტურა აუცილებელია", - დასძინა ბეგლოვმა.
თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა ტურისტული სექტორის განვითარების მნიშვნელობას აფხაზეთისვის და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს მხარდაჭერის მზადყოფნისთვუს მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთში „ჰარმონიზაციის პროგრამის“ განხორციელებაზე იმსჯელეს
სოხუმში „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ რეალიზების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა პროგრამის განხორციელების მდგომარეობა და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების კუთხით აღმასრულებელი „ხელისუფლების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები. განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო უზრუნველყოფისა და საბაჟო რეგულირების სფეროებში პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.
ალექსანდრ ანქვაბმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის რეალიზებაზე მუშაობის დაჩქარება დაავალა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის „რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საფუძველზე ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამას“ 2020 წლის 12 ნოემბერს მოეწერა ხელი. დოკუმენტი 45 პუნქტისგან შედგება და აფხაზურ მხარეს ავალდებულებს, 3 წლის განმავლობაში განახორციელოს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებები პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში