Accentnews.ge
ომბუდსმენი: ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის შედეგებს

ომბუდსმენი: ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის შედეგებს

08/08/2024 10:25:56 კონფლიქტები

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე განიცდის ომის შედეგებს.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დრომდე დაუსჯელია 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ, მუდმივი საცხოვრებელი დატოვონ და შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანონ.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, რაც ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, აღნიშნული უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის პროცესად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S