Accentnews.ge
ბაიდენი – აგვისტოს ომის მე–16 წლისთავზე: აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი

ბაიდენი – აგვისტოს ომის მე–16 წლისთავზე: აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი

09/08/2024 08:33:13 პოლიტიკა

შეერთებული შტატების პრეზიდნტი ჯო ბაიდენი აგვისტოს ომის მე–16 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ამის შესახებ ბაიდენის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

წერილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.

ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინდა, ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს".

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.

შეგახსნებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S