
ოსებს პუტინის „რუსსკი მირისთვის“ ბრძოლა აღარ სურთ
09/08/2024 13:24:37 კონფლიქტები
რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა, უკრაინული არმიის მასშტაბური შეტევა გრძელდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზი და ოსი "მოხალისეები" გადაისროლეს.
"უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის დახმარებისკენ მოგვიწოდა. ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და უკვე ადგილზე ვიმყოფებით" - ნათქვამია "დონბასის ველურ დივიზიად" წოდებული აფხაზური დაჯგუფების (ყოფილი ე.წ. „პიატნაშკას“) ლიდერის - „დონბასის გმირის“ წოდების მქონე, მაგრამ სამშობლოში არაერთი კრიმინალური ფაქტისა და უკანონო გზით გამდიდრების გამო დიდი ხნის რეპუტაციაშელახული ახრა ავიძბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა ოსურ ბატალიონ "სარმათის" ხელმძღვანელობამაც, რომელიც, აფხაზური შენაერთის მსგავსად, უკრაინულ დონბასში რუსი აგრესორის მხარეს იბრძოდა.
ინტერნეტში გავრცელდა კურსკის მიმართულებით დაძრული ოსური და აფხაზური ავტოკოლონების კადრებიც.
თავად კურსკის ოლქში კი, სადაც მეოთხე დღეა, უკრაინული ჯარების მასშტაბური შეტევა წარმატებით გრძელდება, რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 8 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული ან ნაწილობრივი კონტროლის ქვეშ იყო სულ მცირე, 20 დასახლებული პუნქტი, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი კი უკვე 100 კვადრატულ კილომეტრს აჭარბებდა. წინა დღით დაკავებულ მსხვილ დასახლებულ პუნქტ სუჯასთან უკრაინელებმა საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა დაიწყეს. ახალ-ახალი უკრაინული ჯავშანტექნიკა კი ორი ქვეყნის საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმისკენ სვლას აგრძელებდა. დღეს, 9 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა უკრაინელების მიერ რუსული ტექნიკის მსხვილი კოლონის განადგურების შესახებ, რუსი Z-ბლოგერები კი უკრაინული შენაერთების კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან მიახლოების შესახებ იუწყებიან. ”სიტუაცია უარესდება, ჩვენები უკრაინელთა შეტევის შეჩერებას ჯერ ვერაფრით ახერხებენ” - წერენ პუტინის რეჟიმის „სამხედრო კორესპონდენტები“. პარალელურად, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. თავდაპირველად ცნობა გვიან ღამით ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა გაავრცელა. დილით საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი. ლიპეცკის ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი. გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგოობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოგვიანებით არტამონოვმა თქვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოთხი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედეს. ქალაქ ლიპეცკსა და ლიპეცკის ოლქში სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა და საწარმოების მუშაობა შეაჩერეს. უკრიანული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. ამავდროულად უკრაინული საჰაერო შეტევა იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმშიც, ასევე რუსეთის ბრიანსკის, ვორონეჟის, ორიოლის ოლქებში.
თუმცა, როგორც ირკვევა, „მოხალისეთა“ შენაერთების ლიდერების გარდა, პუტინის ომში ჩაბმის სურვილი დიდად აღარავის აქვს, მათ შორის - აღარც რუსეთის შემადგენლობაში შემავალ რიგ რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ ოსეთის ჩათვლით.
კერძოდ, ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი) მოქმედმა 12-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებას „რუსსკი მირისთვის“ პუტინის ომში დაღუპულ ადგილობრივთა შესახებ რეალური ინფორმაციის განსაჯაროება და ფრონტზე „ოსი ხალხის წარმომადგენლების“ გაგზავნის შეწყვეტა მოსთხოვა.
„უკრაინაში, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე ბრძოლებში კვლავ იღუპება ოსი ახალგაზრდობა, ვლადიკავკაზის სასაფლაოები ცხედრებს ვეღარ იტევს. ოსებს პირდაპირი მნიშვნელობით გაწყვეტა გვემუქრება. ჩვენი ახალგაზრდა თაობის განადგურების ტემპები მხოლოდ პროგრესირებს. და ეს - იმ ფონზე, რომ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერალური სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგის ქვედა პოზიციებზეა. რესპუბლიკის მოსახლეობის დრამატული კლება შეუქცევად ხასიათს იძენს. ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, განასაჯაროვოთ უკრაინაში რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დაღუპული ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, გამოაცხადოთ ერთკვირიანი გლოვა მათი სულების პატივსაცემად და მიმართოთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს დასაბუთებული წინადადებით, ოსი ხალხის წარმომადგენლების ამ ომში გაწვევა აიკრძალოს. 1944 წელს მსგავსი გადაწყვეტილება სსრკ-ის ხლმძღვანელობამ ოსური გენოფონდის გადასარჩენად მიიღო“ - ნათქვამია რესპუბლიკის ხელმძღვანელ სერგეი მენიაილოსადმი 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ღია წერილობით მიმართვაში, რომელიც პირველია პუტინის ჯარის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან.
მიმართვას რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ოფიციალური რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია. არაოფიციალურ დონეზე კი ადგილობრივ მედიარესურსებს მიმართეს „თხოვნით“, ამ ტექსტის ტირაჟირებისგან თავი შეიკავონ.
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, უკრაიაში რუსეთის შეჭრის დროიდან დღემდე ომში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის 515 და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის 38 მცხოვრებია დაღუპული, რაც გაცილებით მეტია დიდი სამამულო ომის დროს განცდილ დანაკარგებზე. შედარებისთვის: ავღანეთის ომის 15 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთიდან გაწვეული 1200 ოსიდან 56 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვალოდ დაიკარგა. ამასთან, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ომის დანაკარგების კუთხით ციფრები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ვითარება დეკლარირებულზე გაცილებით მძიმეა.