
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 5-9 აგვისტო
10/08/2024 09:20:28 კონფლიქტები
რუსული კომპანია სოხუმის აეროპორტის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან 240 მილიონ რუბლს ითხოვს
რუსული კომპანია „აერო მენეჯმენტი“ (ყოფილი სააქციო საზოგადოება „დარტი“) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან 24 მლნ რუბლზე მეტის (2,8 მლნ დოლარი) გადახდას ითხოვს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ტელეგრამ-არხმა „რესპუბლიკამ“ გაავრცელა.
კერძოდ, „რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა კომპანიის გენერალური დირექტორის, ფილიპ მიზონოვის წერილი ე.წ. ეკონომიკის მინისტრის კ. ოზგანისა და სოხუმის აეროპორტის გენერალური დირექტორის ბ. ჯენიას სახელზე, რომლის მიხედვითაც კომპანიასთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება დაიდო. ”ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც მან აეროპორტს სესხის სახით 120 მილიონი რუბლი გადასცა, აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემქმნელი კომპანიისთვის გადასარიცხად”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტორი მიუთითებს, რომ „სესხის დავალიანების დაფარვისა და საკომისიოს გადახდის“ ვალდებულებები ჯერ არ შესრულებულა. „მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებების შედეგად, ინვესტორს ჩამოერთვა ფაქტობრივი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო“, - აღნიშნულია წერილში.
კერძოდ, ინვესტორის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოითხოვს, გადაიხადოს:
- სესხის პროცენტი 120 მლნ რუბლის ოდენობით;
- სესხით სარგებლობის პროცენტი და საურავი პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის, რომლის ოდენობა 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით 18 718 164 რუბლია;
- სააგენტოს მოსაკრებლების გადასახადზე დავალიანება 7 800 000 რუბლის ოდენობით;
- შეთანხმების დარღვევისთვის საჯარიმო დავალიანება 20 მილიონი რუბლის ოდენობით;
- ინვესტორის ხარჯების ანაზღაურების დავალიანება 73 436160 რუბლის ოდენობით.
- კომპანია დავალიანების დაფარვისა და სხვა თემების განსახილველად აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას შეხვედრას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ „სხვა“ ინვესტორი 2023 წლის შემოდგომაზე გამოვლინდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ განახორციელებს. აღნიშნული კომპანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს ეკუთვნის.
გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განმარტება აფხაზეთის „ენერგეტიკის სამინისტრომ“ გააკეთა და განაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზურმა მხარემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი პოზიციის თანახმად, კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან“ დადებული შეთანხმების თანახმად, „აერო მენეჯმენტის“ ხარჯები ახალმა ინვესტორმა უნდა დაფაროს და ამჟამად მიმდინარეობს „ხარჯების ანაზღაურების პერიოდისა და პროცედურის“ განხილვა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ აფხაზეთის დავალიანების თაობაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტის მორიგი ტალღა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართა და დე ფაქტო ხელისუფლება გააკრიტიკა „სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ. „მოგეხსენებათ, აეროპორტი ჯერ არ ფუნქციონირებს, საცდელი რეისიც კი, რომელიც ივლისში უნდა განხორციელებულიყო არ შედგა და აფხაზეთს უკვე 220 მილიონი რუბლის ვალი აქვს დაგროვილი... მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ასლან ბჟანია აფხაზ ხალხს ამ თუ სხვა ვალებს დაუტოვებს, აფხაზეთი მათ არ გადაიხდის. ამ ვალებს პირადად ასლან ბჟანია გაისტუმრებს, საკუთარი ქონებიდან, რომელიც ბოლო ოთხ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა“, - განაცხადა ადგურ არძიბნამ. მისივე შეფასებით, ასლან ბჟანიამ, დარჩენილი „საპრეზიდენტო უფლებამოსილებების“ მიუხედავად, საკუთარი ლეგიტიმაცია უკვე დაკარგა.
ოპოზიციის პრეს-კონფერენციის პასუხად, ჟურნალისტებს ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა შეხვდა. მან ადგურ არძინბა გააკრიტიკა ასლან ბჟანიას მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო და დავალიანების საკითხთან დაკავშირებით „ოფიციალური“ პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.
აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეობის მქონე რუსი ბიზნესმენის ჩასვლამ სკანდალი გამოიწვია
რუსი ბიზნესმენი ერასტი ბუკია, რომელსაც აქვს ორმაგი, რუსულ-ქართული მოქალაქეობა, აფხაზეთში ჩავიდა და მივიდა სახლში, რომელიც მას აფხაზეთის ომამდე ეკუთვნოდა და სადაც ამჟამად ადგილობრივი სომხები ცხოვრობენ. ბიზნესმენმა საჯაროდ განაცხადა, რომ „აუცილებლად დაბრუნდება საცხოვრებლად აფხაზეთში“, და რომ „არ არსებობს ცალკე აფხაზეთი - არსებობს მხოლოდ ერთიანი საქართველო“. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ტელეგრამ-არხმა „აფხაზურმა პორტალმა“ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ბუკიას ჩასვლაზე თანხმობა და შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტია მისცა მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ, ორხან შამბამ, რომელიც ახალდანიშნული ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის და ყოფილი აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას შვილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი „აფხაზური პორტალი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ბუკია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარადგინეს როგორც სერიოზული კავშირების მქონე რუსი ბიზნესმენი, რომლის ვიზიტის მიზანი იყო დაკრძალვაზე დასწრების სურვილი, რის შემდეგაც იგი რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების შემდეგ, ერასტი ბუკია წავიდა არა რუსეთში, არამედ სოფელ განთიადში, იმ სახლში, სადაც ომამდე ცხოვრობდა. სოფლის მაცხოვრებლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიძახეს, რომლებმაც ბუკია დაკითხვაზე წაიყვანეს, რის შემდეგაც მოხდა მისი რუსეთში დეპორტაცია.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ერასტი ბუკიას ქმედებები არის მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის აფხაზეთში შესვლის აკრძალვის საფუძველი.
სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ სერგეი შამბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. დანიშვნამდე შამბა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა. „უშიშროების საბჭოს მდივნად“ რაულ ლოლუა დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ შამბას „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობა აქამდე ორჯერ ეკავა, 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე და 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლამდე. 2010-2011 წლებში ის ე.წ. პრემიერ-მინისტრი იყო.
„თანამდებობაზე“ დანიშვნისას სერგეი შამბამ „საგარეო უწყების“ წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. „არსებული რთული პერიოდი ჩვენგან სერიოზულ, წინდახედულ ნაბიჯებს მოითხოვს. მცირე შეცდომის დაშვებაც კი დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ცვლილებების ეპოქაში. მსოფლიო სისტემის რესტრუქტურიზაციას ყოველთვის თან ახლავს გლობალური გამოწვევები. ჩვენ სწორი გზა უნდა ავირჩიოთ. გვაქვს ალიანსი დიდ სახელმწიფოსთან და ეს ჩვენი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა. მაგრამ ჩვენც ასევე უნდა გავატაროთ სწორი და სამართლიანი პოლიტიკა ჩვენი მოკავშირისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ“, - განაცხადა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, შამბას "თანამდებობაზე“ დანიშვნა უკვე მიულოცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის "საერთაშორისო პრიორიტეტების" შესრულებაში წარმატებები უსურვა. "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სიბრძნე, წინდახედულობა, პოლიტიკური ინტუიცია და თქვენი ქვეყნისადმი ერთგულება ხელს შეუწყობს რესპუბლიკის დიპლომატიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში, უპირველესად რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე სოხუმის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით" - ნათქვამია მის მისალოც წერილში.
შამბას ასევე მიულოცეს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა დენის მონკადა კოლინდრესმა, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა.
აღსანიშნავია, რომ „საგანგებო ელჩის თანამდებობაზე“ სერგეი შამბამ ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრები“, მაქსიმ ღვინჯია და დაურ კოვე დანიშნა.
ინტერვიუში ახალდანიშნულმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ მოსკოვსა და თბილისთან ურთიერთობებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ოჩამჩირის პორტზე ისაუბრა.
შამბას თქმით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე „ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს“ შორის არის საერთაშორისო აღიარების გაფართოება, იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარება, რომლებმაც უკვე აღიარეს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. რაც შეეხება რუსეთს, შამბამ მას „სტრატეგიული მოკავშირე“ უწოდა.
ოჩამჩირის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით შამბამ აღნიშნა, რომ მისი გახსნა არ იგეგმება. „რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალი „სახელმწიფოთაშორისი“ შეთანხმება და მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საუბრისას „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ განაცხადა, რომ ეს ფორმატი აფხაზეთს „საკუთარი პოზიციების დაცვის“ შესაძლებლობას აძლევს და ამასთან „საქართველოსთან კომუნიკაციის არხს“ წარმოადგენს. მისი შეფასებით, ფორმატის სხვაგან გადატანაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
სერგეი შამბამ თბილისთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „აღიაროს არსებული რეალიები“ და გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. „ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ამ ტერმინის [ოკუპაციის] გამოყენებაზე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - განაცხადა მან.
გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლების შესაძლებლობაზე საუბრისას შამბამ აღნიშნა, რომ „ქართველი მონაწილეების არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო ის 2018 წლიდან შეწყვეტილია.
ახალდანიშნული „მინისტრი“ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. მისი თქმით, აფხაზეთის საკითხი ხშირად გამოიყენება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. „ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ იმას, რაც საქართველოში ხდება. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მიმართ მოწოდებებს და მის რეაქციას „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. არასოდეს ვკარგავთ სიფხიზლეს და ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, - განაცხადა შამბამ.
საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კითხვის პასუხად, სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ ისინი არ უნდა ჩაერთონ „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმიანობაში“ და „ჩაერიონ აფხაზეთის შიდა საქმეებში“. ამავდროულად, მან დასძინა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ შერჩევითად იმუშავებს, რადგან ამ ორგანიზაციებში აფხაზეთის „მოქალაქეები“ მუშაობენ და ამასთან რიგი სასარგებლო ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდება.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს “საქართველოს ხელმძღვანელობამ სამხრეთ ოსეთში საკუთარი ჯარის შეყვანის თაობაზე დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხუთდღიანი ომის დასაწყისი გახდა”, თუმცა რუსი ხალხის სიმამაცის, ასევე რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დახმარებით, რომელმაც თბილისის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნა, მოხერხდა “აგრესორის” დამარცხება.
“ამ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვა დიდ სამხრეთ ოსეთის მრავალი მოქალაქის, მათ შორის ასობით მშვიდობიანი მაცხოვრებლის დაღუპვა, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სასტიკ საარტილერიო სროლას ემსხერპლნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ “საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გაჩაღებული ომის შედეგი იყო რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებები მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში”.
აღსანიშნავია, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის “საგარეო საქმეთა სამინისტროს” წერილიც გაუგზავნა, ხოლო დე ფაქტო ლიდერებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი სირიაში მუჰამად ალი პალესტინის ელჩს ანვარ აბდელ-ჰადს შეხვდა
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც „აფხაზეთის საელჩოში“ შედგა, განხილულ იქნა პალესტინაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარების ესკალაცია.
მუჰამედ ალიმ აღნიშნა, რომ “ისრაელის მიერ საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები“ ხელს უწყობს დაძაბულობისა გაზრდას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროგრესზე. მან დაადასტურა აფხაზეთის მხარდამჭერი პოზიცია პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევასა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით.
„მხარეებმა“ ხაზი გაუსვეს „სირიელი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადის მოხსნის მნიშვნელობას“, ასევე „სირიის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული უცხოური ძალების გაყვანის“ აუცილებლობას.
რუსი და აფხაზი მეცნიერები კოდორის ხეობაში ექსპედიციას გეგმავენ
რუსი და აფხაზი მეცნიერები კოდორის ხეობის მონახულებას გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ტასს“-ს ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სურამ საქანიამ განუცხადა.
მისი თქმით, რუსულ-აფხაზური ერთობლივი ექსპედიცია მერკულას მიდამოებში, აგვისტოს ბოლოს სრულდება, თუმცა მეცნიერებს სურთ „დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კოდორის ხეობის მიდამოებიც მოიარონ, რათა მანამდე აღმოუჩენელი ტაძრები აღრიცხონ“.
არქეოლოგმა აღნიშნა, რომ წებელდის ტაძრები ცნობილია, მაგრამ ასევე „იქ არის სხვა ტაძარი, რომელიც არ არის ნახსენები ლიტერატურაში“. მან ივარაუდა, რომ ეკლესიები ბორცვებზეც მდებარეობს. „გვინდა საკენისკენ, კოდორის ხეობის ბოლომდე, ფეხით გავიაროთ და ჩავწეროთ ყველაფერი, რასაც მოვასწრებთ. უკვე გვაქვს ორი წიგნი – „აღმოსავლეთ აფხაზეთის ტაძრები“ და „დასავლეთ აფხაზეთის ტაძრები“, მესამე კი აფხაზეთის მთიანი ზონის ტაძრებს დაეთმობა“, - აღნიშნა საქანიამ. მისივე თქმით, 2013 წლის ზაფხულში, სოფელ მერკულაში მიმდინარე ერთობლივ ექსპედიციას, ხელი „შავი არქეოლოგების“ გამო შეეშალა.
„არ ვიცით, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე ღირებული აღმოჩენები, თუმცა ჩვენ მივაკვლიეთ რამდენიმე საინტერესო ნივთს კერემიკის, რკინისა და მონეტებისგან“ , - განაცხადა არქეოლოგმა.