ინციდენტი თბილისის საკრებულოში – ნაცემია ხაბეიშვილი [ვიდეო]

24-01-2020 14:31:39 პოლიტიკა ,სამართალი

თბილისის საკრებულოში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.

ხაბეიშვილი დაშავებულია.

როგორც ხაბეიშვილის თანაგუნდელი ლილე ლიპარტელიანი ჰყვება, ინციდენტი კომისიის სხდომაზე მოხდა. მიზეზი კი მისი მონათხრობის მიხედვით, ხაბეიშვილის მიერ ერთ–ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული პოლიტიკური განცხადება გახდა, რომელიც საკრებულოს დამლაგებლების 200–ლარიანხელფასებს და კორუფციას ეხებოდა.

“თარაშ შურღაიამ დაიწყო ინციდენტი, მისი ხელის მოქნვის შემდეგ ხაბეიშვილს დაესია „ქართული ოცნების“ მთელი შემადგენლობა“. წააქციეს და წაქცევის შემდგომაც გრძელდებოდა ძალადობა“.

„სვავებივით დამესივნენ“,– იხსენებს ხაბეიშვილი.

„თუ ჰგონიათ, რომ ჩემი თვალი ან შუბლია პრობლემა და შემაშინებენ, ცდებიან. ერთი ერთზე ვერ მერევიან, 10–ნი კი. გამისწორდა მთელი „ქართული ოცნება. კალაძის დავალება იყო, "მაჩვენეთ ეს კაცი დალურჯებულიო" და დამესივნენ. ვერ წამაქცევენ. დღევანდელი წიხლი ასმაგად მაძლიერებს. მე ორი ბიჭი მყავს და მათი მომავლისთვის ვიბრძვი. მათ შეიძლება, მამა ნახონ ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ აქედან მივმართავ, არ შეეშინდეთ.. მამა, ასე მოქცევა, არ არის კარგი, ეს ლაჩრული საქციელია, ამიტომ ასე არ მოიქცეთ“,– ამბობს ხაბეიშვილი.

"2 წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, გაილახოს და სამწუხაროდ, მიზანს მიაღწია",– ასეთია განმარტება "ქართულ ოცნებაში".

მმართველი გუნდის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, ხაბეიშვილმა "ყველას იდიოტი და არაკაცი უწოდა" და ამას მოჰყვა რეაქცია.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არც სიტყვიერი სეურაცხყოფა და არც ფიზიკური ძალადობის ადგილი არაა საკრებულო.

იხილეთ ასევე: რა სასჯელს ითვალისწინებს საკრებულოში განვითარებული მოვლენები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები