Accentnews.ge
კრემლის პროპაგანდისტული მედია: საქართველოს მმართველმა პარტიამ რუსეთთან ომის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

კრემლის პროპაგანდისტული მედია: საქართველოს მმართველმა პარტიამ რუსეთთან ომის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

13/08/2024 14:28:32 პოლიტიკა

საქართველოს მმართველმა პარტიამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა რუსეთთან ომის შესახებ,– ასე ეხმიანება რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის, "რია", "ქართული ოცნების განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

როგორც რუსული მედია მიუთითებს, საქართველოს პირველი არხი აქვეყნებს სახელისუფლებო პარტიის განცხადებას, რომელშიც "მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აცხადებს, რომ "საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი 2008 წლის აგვისტოში გარე ბრძანებით დაიწყო".

"ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო",– ციტირებს კრემლის პროპაგანდისტული მედია “ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის მე–16 წელს და ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, წინასაარჩენო პერიოდში, "ქართული ოცნება", რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მოქცევისა და რუსეთთან "ფლირტის" გამო აკრიტიკებენ, 2008 წლის ომის გამოძიებაზე ალაპარაკდა ენმ–ის პასუხისმგებლობის კონტექსტში.

„ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ გამოძიებამ „გარედან მიღებული დავალების ავტორებიც" უნდა დაადგინოს.

„ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, - აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს“, - წერია პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტში.

საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, აგვისტოს ომს არა 7, არამედ 8 აგვისტოს გამოეხმაურა ოფიციალური რუსეთიც.

რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რელიზატორები, არამედ დასავლეთია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.

არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:

"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".

საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.

ამავე თემაზე: "გენშტაბს შეფასებული აქვს": რატომ გაააქტიურეს 2008 წლის ომის გამოძიების თემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S