01-03-2023 16:54:45 ანალიზი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის შეთანხმებული დემარშის შემდეგ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემის გააქტიურება დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ უმძიმესი მოვლენების ირგვლივ არსებობს სტრასბურგის და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები. საკითხი 27 თებერვალს „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დაძრეს, რომელთაც, როგორც ჩანს ამჟამად დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ ლოგიკურ ბრალდებად არა „ომში ჩათრევა“, როგორც ამას მანამდე ამბობდნენ, არამედ „2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარების“ ვერსია მიაჩნიათ.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას“, -ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ 27 თებერვლის განცხადებაში, სადაც ავტორები ასკვნიან, რომ „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“.
ფაქტობრივად იმავეს იმეორეს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური დეპუტატი, „ევროპელმა სოციალისტი“ ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდა: ის 2008 წლის ომს „ევროატლანტიკურ შეთქმულებას“ უწოდებს, აბრალებს არა რუსეთს, არამედ აშშ-ს და ამბობს, რომ „ამერიკამ მაშინ ჩვენ და ახლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა“. დამატებით ინჯიამ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთხელ შექმნის წინადადებით. მას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და მაღალი ალბათობით, მიიღებს კიდეც თუ წინასწარი განწყობებით ვიმსჯელებთ. კერძოდ, ინიციატივა მოსწონთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ და „ქართული ოცნებიდან“.
ოპოზიციაში კი თანხმდებიან, რომ ავტორიტეტული სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ თემის დღის წესრიგში შემოტანა ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რუსეთისთვის სასარგებლო ჩანაფიქრი და ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელებაა.
მართალია, „ხალხის ძალაში“ აღიარებენ, რომ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებმა „ყველა კითხვას უპასუხეს“, თუმცა როგორც 1 მარტს ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, „როგორც ჩანს, საზოგადოებაში მაინც არსებობს კითხვები და ისტორიისთვის, მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის კარგი იქნება, ყველა ბუნდოვანებას გაეცეს პასუხიო“. ერთ–ერთ კითხვად მან დაასახელა, მაგალითად, „რატომ დატოვეს იარაღი“.
იხილეთ ასევე:
გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე მოელის, რომ კომისია „პოლიტიკური თამაშებისთვის“ უფრო იქნება გამოყენებული, ვიდრე სამხედრო კომპონენტის გადასააზრებლად. მით უფრო, რომ როგორც კაპანაძემ „აქცენტს“ უთხრა, თავდაცვის გენერალურ შტაბს უკვე შესწავლილი აქვს აგვისტოს ომი სამხედრო თვალსაზრისით – პოლიტიკური შემადგენლის გამორიცხვით.
კაპანაძესაც აქვს კითხვები, მათ შორის, კოდორის ხეობის ირგვლივ: „რატომ მოხდა უნიათოდ კოდორის დატოვება? რატომ არ გადაიკეტა სვანეთის მიმართულებით გზა?“, თუმცა ეეჭვება, ეს საკითხები წარმოადგენდეს რეალურად ინტერესის საგანს და აღნიშნავს იმასაც, რომ „ვინც მაშინ იყო სამხედრო ხელმძღვანელი, ყველა ხელმძღვანელ თანამდებობებზეა თავდაცვაში და ახალგაზრდა ოფიცრებს ზრდიან, ლექციებს კითხულობენ...“
„ზოგადად, ყველა ომი შესწავლას ექვემდებარება. ამას ჰქვია გამოცდილების გაზიარება. დასკვნები კეთდება იმისთვის, რომ აღარ მოხდეს შეცდომების განმეორება, ხოლო წარმატებული ასპექტები შემდგომშიც იქნეს გამოყენებული. ალასანიას დროს [საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012–2014 წლებში რედ.], როგორც კი დავინიშნე [გენშტაბის ხელმძღვანელად – რედ.], მაშინვე შევქმენით კომისია, რომელმაც ამ საკითხზე იმუშავა. პოლიტიკური კომპონენტი იქ გამოირიცხა, შეფასდა მხოლოდ სამხედრო–ოპერატიული ვითარება. პირადად ჩამოვართვით 1200–მდე ინტერვიუ, კიდევ უფრო მეტი დოკუმენტები შევისწავლეთ და მომზადდა დოკუმენტი. შემდეგ მას დაედო „სრულიად საიდუმლო“ და დევს არქივში. განიხილოს ნდობის ჯგუფმა დოკუმენტი და გამოჩნდება... მაგრამ არ მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. დასკვნამ გასცა პასუხი კითხვებს რა მოხდა? როგორ მოხდა? რა იყო ძლიერი მხარე? რა – სუსტი? რა იყო არასწორად გაკეთებული? სად იყო შეცდომები დაშვებული დაზვერვაში, ოპერატიულ მართვაში, ხელმძღვანელობაში, დაგეგმარებაში? და ა.შ. სწორედ ამაზე დოკუმენტი შექმნილი. ვინც მაშინ მოქმედი პირები იყვნენ და ვისი შეცდომებიც [გამოიკვეთა –რედ.], მათგან ძალიან ბევრი თანამდებობაზეა, ბევრი ლექციებს კითხულობს და რამდენად იქნება ამის ამოტრიალება და გამომზეურება მათ ინტერესში, მეეჭვება. ამ ყველაფერს დღეს სხვა მიზეზი აქვს – პოლიტიკური. ნათლად ჩანს, რომ კომისიის შექმნის მიზანი არ არის სამხედრო საკითხების შესწავლა“,– ამბობს „აქცენტთან“ კაპანაძე.
ანალოგიური მოლოდინი აქვს ისტორიკოსს, უსაფრთხოების სპეციალისტს დავით ბრაგვაძესაც:
„ეს არ არის მოტივირებული რეალური გამოძიების სურვილით, უფრო პოლიტიკური კონიუნქტურის შემადგენელია, რომ ერთის მხრივ, ნაკლები ყურადღება დაეთმოს მანამდე წარდგენილ კანონპროექტებს, მეორეც – უკვე აღებული აქვთ გეზი და ბოლომდე მიჰყვებიან [ანტიდასავლურს – რედ.]. ამ პირობებში როგორ უნდა იყოს ეს საგამოძიებო კომისია ეფექტური, წარმოუდგენელია. ვიცით, რომ თავის დროზე ამ საკითხზე შეიქმნა ერთი კომისია, მანაც განსაკუთრებული ვერაფერი დადო, პლუს, ვინც შეიძლება, მთავარი მოწმე იყოს [სააკაშვილი], მეეჭვება დაკითხვაზე გამოცხადდეს და ჩვენება მისცეს... ამ პირობებში არაფერს განსაკუთრებულს არ ველი. ვფიქრობ, გახდება კამპანიის ნაწილი, რომ „ომში გვითრევენ“, „მაშინაც ჩაგვითრიეს“, „ომში ჩაგვითრიეს“, „სააკაშვილი პროვოკაციებს აჰყვა“, „ომი საქართველომ დაიწყო“ – ამგვარ სპეკულაციებს მოვისმენთ. ცხადია ანალიზი საჭიროა, მაგრამ სინამდვილეში არავის აინტერესებს, რა ლოგისტიკური ხარვეზები იყო? რა პრობლემები იყო მმართველობით რგოლში? უკეთესად რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო? მაგალითად, რეზერვის მობილიზაციის ნაწილი იყო სრული კატასტროფა და ჩავარდნა. მაგრამ, როგორც ვთქვი, დისკუსიის ძირითადი ნაწილი სხვა რამაა“,– ხაზს უსვამს „აქცენტთან“ ბრაგვაძე.
ბრაგვაძე აღნიშნავს, რომ „თემის, რომელიც ეროვნული თანხმობის საგანი უნდა იყოს, შიდა პოლიტიკური დისკუსიის ჭრილში გამოყენება არის უსინდისობა, მავნებლობა“, რასაც ვერ ავცდებით, თუ ამგვარ პოლემიკაში შევალთ.
იხილეთ ასევე: ვის უნდა ომი – მითები და რეალობა