
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა კალინინგრადის „დემილიტარიზაციის“ შესახებ განაცხადა კურსკთან ჯარების გადასროლის შემდეგ
14/08/2024 08:39:16 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა კურსკის რეგიონში აიძულებს რუსეთს, ჯარები გადაიყვანოს კალინინგრადიდანაც, განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთს დანაყოფების ნაწილი უკრაინიდანაც გადაჰყავს კურსკის გამო.
„მე ვეუბნები ლიეტუველ ხალხს: ნახეთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები თქვენთვის, რადგან მათი ბრძოლის გამო რუსეთს სჭირდება ჯარების გაყვანა კალინინგრადიდან. ჩვენ ამას კალინინგრადის "დემილიტარიზაციასაც" კი ვუწოდებთ", - თქვა კასციუნასმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას კიევში.
The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო რუსეთი იძულებულია, თავისი სამხედრო ძალების ნაწილი უკრაინიდან გაიყვანოს.
გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია, რომ კურსკზე უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა.
The Wall Street Journal–ის ცნობით, წყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის „ტავრიის“ სპიკერმა დიმიტრი ლიხოვსკიმ განუცხადა Politico-ს, რომ ამ მომენტში საუბარია სამხედრო პერსონალის „შედარებით მცირე“ რაოდენობაზე, რომლებიც დისლოცირებულნი იყვნენ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.
კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა საიდან არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს არ სჭირდება რუსეთის ტერიტორიები და რომ მიზნი რუსული ძალების უკრაინაში გადასროლის ხელშეშლა და ლოგისტიკური პრობლემების შექმნაა.