07-08-2024 16:13:11 ეს საინტერესოა ,ინტერვიუ
2004 წელს ფაქტობრივად იგივე მოხდა (ბატალიონის მეთაური ვიყავი), მაშინ შევძელით ქართული სოფლების დაცვა, მაგრამ აშკარა იყო რომ ამის შემდეგი ოპერაცია იქნებოდა დიდი,– ამბობს „აქცენტთან“ პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ზაფხულში რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება „კავკასია 2008“ ჩაატარა სამხედრო ლეგენდით, რომლის მთავარი წარმოსახული მოწინააღმდეგე იყო ქართული არმია, სწავლების მიზანი კი - მისი განადგურება და საქართველოს „მშვიდობისათვის იძულება“. რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი აქტივობები და ინციდენტები როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით. ბერიძემ ამბობს, რომ ეს სწავლება იყო მკაფიო ნიშანი:
„ომამდე ბრიგადის მეთაური ვიყავი სენაკში და სულ ველოდით ასეთ საფრთხეს... მაგრამ რაც ჩაატარეს მასშტაბური წვრთნა „კავკასია 2008“ [ზაფხულში], პირადად მე მივხვდი, რომ ეს გარდაუვალი იყო: ეს სწავლება უკვე ნიშანი იყო, რომ ისინი აპირებდნენ ომის დაწყებას თუ არა, ძალიან მძიმე პროვოკაციის მოწყობას – მთელი შეიარაღება, მნიშვნელოვანი ძალები დატოვეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც (ცხინვალის რეგიონიდან) შემოჭრას ან ოპერაციას აპირებდნენ“.
კავკასიაში რუსებმა ძალები შემოიყვანეს, დაიწყეს აქტივობები ოკუპირებულ აფხაზეთში – „ემზადებოდნენ, რომ ორივე მხრიდან დაერტყათ ჩვენთვის“:
„როდესაც საბრძოლო გეგმებს განვიხილავდით, სწორედ ეს იყო, რომ ორივე მიმართულებიდან გველოდა საფრთხე – ორივე მიმართულებიდან შეტევის განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ რუსებს“.
ამდენად, იყო თავდასხმის ან პროვოკაციის მოლოდინი, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რასაც რუსეთმა მიმართა საქართველოს წინააღმდეგ – მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა ყველა მიმართულებიდან – ხმელეთიდან (ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან), ჰაერიდან, ზღვიდან.
რამდენიმე დღე მიმდინარეობდა ქართულ სოფლებზე, ქართულ კონტინგენტზე თავდასხმა, ძალიან მასიური იყო შეტევა, – იხსენებს პოლკოვნიკი და „როდესაც რუსულმა ავიაციამ დაიწყო ჩვენი პოზიციების დაბომბვა, უკვე აშკარა გახდა, რომ ყველა ძალას ჩართავდნენ და ეს იქნებოდა მასიური“.
და იყო უმძიმესი დღეები...
მასაც აქვს ბევრი მოგონება, რომლებზეც არ სურს საუბარი, მაგრამ სასიამოვნოდ ახსენდება სამოქალაქო პირებს, ახალგაზრდებს შორის განწყობა, მზაობა, დაეცვათ საკუთარი ქვეყანა:
„კარგად მახსოვს, რომ ძალიან ძვირადღირებული მანქანით მოვიდნენ ჩემთვის უცნობი ბიჭები, „მოგვეცით საშუალება, სამშობლო დავიცვათ...სად წერენ მოხალისეებსო“, – ნამდვილად იყო ასეთი განწყობა...ყველაზე მძიმე, ცუდ მომენტშიც კი მოდიოდნენ ადამიანები, „მზად ვართ, ვიმოქმედოთო“, მაგრამ არ იყო ორგანიზებულობა...შემდეგ იყო დაბნეულობა და ქაოსი, რაც თან ახლავს ასეთ მძიმე მოვლენებს“.
ამბობს, რომ გამოტანილი დასკვნების ნაწილი იყო ომის შემდეგ თავდაცვის ხაზის შედგენაზე მუშაობა, მათ შორის, თბილისის გარშემო „ბუნკერების“ მოწყობის პროცესი, რომ „უკვე თავდაცვითი ოპერაცია გვეწარმოებინა. მაგრამ 2012 წელს მოვიდა ახალი ხელისუფლება და დაიწყო ჯარის დაშლა“.
ამჟამად კი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის მე–16 წლისთავს ქვეყანა პარტნიორებთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობებით ხვდება: ხელისუფლებას აკრიტიკებენ რუსეთთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფლირტის გამო; საზოგადოებაში ომით გამოწვეული ტრავმებით მანიპულირებასა და მასზე კაპიტალიზების მცდელობაში; პარტნიორების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში, მათ შორის, „ომში ჩათრევის“ თაობაზე; ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. თითქმის ყოველკვირეულად ხდება ცნობილი პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა პროგრამების შეჩერების შესახებ. მათ შორის, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის მხარდასაჭერად გამოყოფილი 30–მილიონიანი დახმარება გაყინა; ვაშინგტონმა თბილისთან ურთიერთობების ტოტალური გადახედვის შესახებ გამოაცხადა და გარდა სხვა ნაბიჯებისა, განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან დაგეგმილი წვრთნები.
„ამერიკული დახმარების ყველაზე დიდი მომხმარებელი 20 წელზე მეტია, თავდაცვის სამინისტროა. რეალურად, ამერიკა საქართველოს პარტნიორობა იდგა თავდაცვის სამინისტროზე – ჩვენ მონაწილეობაზე ერაყის, ავღანეთის ოპერაციებში, წვრთნასა და აღჭურვაზე...ამას ძირი გამოუთხარა დღევანდელმა ხელისუფლებამ“,– ამბობს პოლკოვნიკი და დასძენს, რომ ვითარების ამგვარი ცვლილება, მაინც მოულოდნელი იყო:
„ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემთვის აშკარა იყო, რა ძალასთან გვქონდა საქმე – ეს იყო რუსული ძალა პირველი დღიდან, მაგრამ თუკი ასეთ ნაბიჯებს გადადგამდნენ, ვერ ვიფიქრებდი. მეგონა, რომ სადღაც „ნაცრისფერ ზონაში“ დავრჩებოდით მუდმივად, მაგრამ როგორც ჩანს, რუსებიც კონტრზომებს მიმართავენ და ვეღარ ვახერხებთ „ნაცრისფერ ზონაში“ დარჩენასაც კი, არათუ პროგრესს [კონსტიტუციით აღიარებული დასავლური ვექტორის განვითარების მიმართულებით – რედ]. ომის მე–16 წლისთავს ვხვდებით ისე, რომ ნელ–ნელა მარშით მივდივართ რუსეთისკენ – ხელისუფლებას აქეთ მიჰყავს საქმე“.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომი გეოპოლიტიკურად ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ საქართველოსთვის ავტომატურად, ქართველების მოქმედების გარეშე არაფერი გადაწყდება: „რატომღაც აქ გაჩნდა ილუზია, „უკრაინელები იომებენ, დაიხოცებიან, მოიგებენ ომს და შემდეგ ჩვენ ავტომატურად მიგვიღებენ ევროკავშირში და ნატოშიც“. ეს გულუბრყვილო ხედვაა. ომის შემდეგ იქნება გავლენის სფეროების გადანაწილება და საქართველო იქნება იქ, როგორც იპოზიციონირებს. დღეს კი ჩვენი პოზიციონირება არის რუსეთის გავლენის სფეროში“.
ამავდროულად სახელისუფლებო პროპაგანდამ საზოგადოებისთვის ახალი ნარატივის შეთავაზება დაიწყო უკრაინაში ომის წლის ბოლომდე დასრულებისა (თუმცა ბუნდოვანია, რა მოცემულობით) და პარტნიორებთან ურთიერთობების ავტომატურად „დალაგების“ თაობაზე, რასაც ბერიძე გამოუცდელი პოლიტიკოსების ილუზიას და პრიმიტიულ, დაბალი განვითარების საზოგადოებაზე გათვლილ პროპაგანდას უწოდებს: „ამ ომს სწრაფად ვერავინ დაამთავრებს. შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის დროებითი გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს – უკრაინას არ აწყობს, რუსეთი არ გაჩერდება. წლის ბოლომდე ომი არ და ვერ დასრულდება და ვერც ჩვენი ურთიერთობები მოგვარდება ვერავისთან, მათ შორის, ვერც რუსეთთან, პირიქით – უარესს სახეს მიიღებს!“.