მეზურნიშვილი კონგრესმენებს მიმართავს

26-01-2020 01:28:18 პოლიტიკა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე ამბობს, რომ "არ შეიძლება ასეთი არაზუსტი გზავნილების გაკეთება". საუბარია კონგრესმენ ბრაინ ბაბინისა და პეტ ოლსონის წერილებზე, სადაც კონგრესმენები შეშფოთებას გამოხატავდნენ დემოკრატიის კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, მსგავსი წერილები ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს.

"ასეთ განცხადებეს, რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური ონი შემოაქვს ჩვენს ურთიერთობებში. ამიტომ, მოვუწოდებ პირველ რიგში კონგრესმენებს, სანამ გარკვეულ წერილში გარკვეულ ფაქტებს მოიყვანენ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ გეუბნებით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს...როდესაც რაღაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმას ავტომატურად ვერ მოჰყვება რეაქცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ კონგრესმენებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ სურვილი, კონკრეტულ კონგრესმენებს, რომ ეს ინფორმაცია მიიღონ და ობიექტურად შეაფასონ. არ შეიძლება ასეთი უზუსტობების გზავნილების გაკეთება. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, წერილები, ჩვენ ურთიერთობას წინ ვერ წასწევს, შეიძლება ძალიან ნეგატიურად აისახოს", — თქვა ირაკლი მეზურნიშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები