Accentnews.ge
რუსეთი აფხაზეთის შთანთქმისთვის საკანონმდებლო საფუძვლის მზადების დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავს

რუსეთი აფხაზეთის შთანთქმისთვის საკანონმდებლო საფუძვლის მზადების დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავს

16/08/2024 08:24:28 კონფლიქტები

14 აგვისტოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე მორიგი მტკიცებულება გამოქვეყნდა იმისა, რომ საქართველოს სახელისუფლებო მედიისა და პროპაგანდისტების ყველა განცხადება, თითქოს დასავლეთისგან დისტანცირებისა და მოსკოვისადმი ლოიალური პოლიტიკის გაგრძელების სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვიბრუნოს, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო სიცრუე. რეალურად, მოსკოვი მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების არათუ თბილისისთვის დაბრუნებას, არამედ შთანთქმას გეგმავს და ამისთვის, მათ შორის, საკანონმდებლო საფუძვლების მომზადების დასრულებას უკვე 2025 წლისთვის ვარაუდობს.

კერძოდ, როგორც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის" რეალიზებაზე მომუშავე რუსულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2025 წლისთვის ამ პროგრამის განხორციელების ფარგლებში კანონმდებლობათა დაახლოების დასკვნითი ეტაპია დაგეგმილი.

"სადღეისოდ რუსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს დასრულებული გვაქვს მუშაობა 45-პუნქტიანი პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უმრავლესობაზე. კანონმდებლობათა ჰარმოზინაცია ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, მსხვილი საინვესტიციო პროექტების რეალიზებას ტურისტულ, სამრეწველო და ლოჯისტიკურ დარგებში. ეს კი, თავის მხრივ, უფრო მიმზიდველს ხდის აფხაზეთს რუსი ინვესტორებისთვის, რომელთა მონაწილეობით ამჟამად რესპუბლიკაში 17 მლრდ რუბლზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება" - განაცხადა ვოლვაჩმა.

ამასთან, როგორც სხდომაზე აღინიშნა, აფხაზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე გადავიდა და ერთიანი საბაჟო ტარიფის ბიჯების ჰარმონიზაციის დონე სადღეისოდ უკვე 50%-ს შეადგენს.

"გასული 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში კანონმდებლობათა ჰარმონიზების პროგრამის ფარგლებში ხელმოწერილია სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებები და მემორანდუმები, აფხაზეთში მიღებულია ახალი ნორმატიული სამართლებრივი აქტები, რომელიც სხვადასხვა (ელექტროენერგეტიკის, საბაჟო რეგულირების, საინვესტიციო, საბანკო, საბიუჯეტო-საფინანსო და სხვა) სფეროებში კანონმდებლობის რუსეთისასთან დაახლოებაზეა მიმართული. ფაქტობრივად მზადაა კანონპროექტების უმეტესი ნაწილი სოციალურ სფეროში. 2025 წლისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის პროგრამის დასკვნითი ეტაპის რეალიზებას ვგეგმავთ" - დასძინა ვოლვაჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S