გაგლოევი: "რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია"
19/08/2024 08:14:13 კონფლიქტები
"ჩვენი რესპუბლიკისთვის რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება ერთ-ერთი ყველაზე რეალური და პერსპექტიული ვარიანტია" - განაცხადა რუსულ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს "ურთიერთობების ჩამოყალიბება ბელარუსთან".
"ჯერჯერობით საუბარია კონტაქტბზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტის ხაზით და ა.შ. სამომავლოდ ვიმედოვნებთ, შევძლებთ გასვლას ბელარუსის რესპუბლიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე" - აღნიშნა გაგლოევმა.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, მისი თქმით, "ამ ეტაპზე ეს თემატიკა დღის წესრიგში არ დგას".
"რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია ითვალისწინებს შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და ორივე ქვეყნის ინტერესში შემავალი საკითხების ერთობლივ განხილვას <...> რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აგრძელებენ შემდგომი დაახლოების პოლიტიკას 2015 წელს ხელმოწერილი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში. თუკი შეიქმნება პირობები, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ჩვენი გაწევრიანების საკითხს აქტუალურს გახდის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კონსულტაციებს გავმართავთ <...> რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა - ეს ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა" - დასძინა გაგლოევმა.