Accentnews.ge
დათუნა სარალიძის საქმის მოსამართლე „ოცნებას" პასუხობს

დათუნა სარალიძის საქმის მოსამართლე „ოცნებას" პასუხობს

21/08/2024 09:20:07 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე „ქართული ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია.

ეკა არეშიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვეხმაურები გავრცელებული განცხადების მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც უშუალოდ მე შემეხო. თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშულ განცხადებაში გაჟღედა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია. მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები.

შეგახსენებთ:

1. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 63.

მოსამართლე

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

2. აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.

3. სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.

4. სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.

5. უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას.

ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!

P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია".

რა თქვა "ოცნებამ"

20 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს "საეჭვო" უწოდა, ხოლო მოსამართლე ეკა არეშიძეს – "უცხოელებისგან საეჭვო პრივილეგიებით მოსაგრებლე".

"ოცნება" მიიჩნევს, რომ "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა".

"ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება, იყო დაკავშირებული", – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: ლონდარიძე: "ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც "ოცნება" NGO–ების დაგეგმილ გადატრიალების მცდელობად მოიაზრებს, ქართველი ხალხის ბრძოლაა სამართლიანობისათვის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S