კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
27/01/2020 12:28:42 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. დეპუტატებმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს: უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზენცევამ ტოლსტოის კანდიდატურა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ანტისემიტური განცხადებების გამო გააკრიტიკა. ვიცე-პრეზიდენტობის დანარჩენ კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა არ გამართულა. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები წევრი სახელმწიფოების კვოტების მიხედვით ნაწილდება.
ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება. დანარჩენი კანდიდატურები კი, დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს აღნიშნული თანამდებობა ანბანის მიხედვით ერგო და მას 6 თვის განმავლობაში უხელმძრვანელებს.


