
პროკურატურა ქეთი ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ქმრისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს და 20 წლიან სასჯელს სააპელაციოში გაასაჩივრებს
23/08/2024 12:47:15 სამართალი
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 27 წლის ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ მის მეუღლეს გიორგი კავლელაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში გაამართლა, იგი დამნაშავედ ცნო 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.პროკურატურა განაჩენს კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.