
ზელენსკი – რუსეთის მორიგ მასირებულ იერიშზე: პუტინს შეუძლია, გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს
26/08/2024 10:38:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს ეხმიანება.
მისი თქმით, დღევანდელი იერიში "ერთ-ერთი ყველაზე დიდი" იყო.
როგორც მან აღნიშნა, "რუსეთმა გამოიყენა ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი".
"თავდასხმის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ენერგოსექტორს, თუმცა სადაც ელექტროენერგია გათიშულია, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პუტინს შეუძლია, გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე და არასაკმარისი გადაწყვეტილებები საპასუხოდ ტერორს იწვევს. ყველა ლიდერმა, ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა მტკიცე გადაწყვეტილებებია საჭირო ომის შესაჩერებლად ", – დასძინა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავებულია 20-მდე პირი.