საქართველოში რუსული ფულადი გზავნილების სისტემის "ზოლოტაია კორონას" მომსახურება აღდგა

26-08-2024 17:00:14 ეკონომიკა

"ზოლოტაია კორონა"-თი საქართველოში ფულადი გზავნილები აღდგა, – იუწყება bpn. ქართულ ბანკებში ტრანზაქციები 24 აგვისტოს შეწყდა, ამის მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები დასახელდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ რუსული სისტემიდან ფულადი გზავნილების შეჩერება უფრო ტექნიკური ხასიათის იყო, რადგან მიმდინარეობდა "ზოლოტაია კორონასთან" დაკავშირებული კომპანიების სანქცირებულ პირებთან კავშირის გადამოწმება. მისი თქმით, კვლევით დადასტურდა, რომ აღნიშნულ სისტემა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული არ არის, შესაბამისად, გზავნილებიც აღდგენილია.

„შაბათ-კვირას იყო შეფერხება. მიმდინარეობდა დაზუსტება, "ზოლოტაია კორონასთან" დაკავშირებული კომპანიების კავშირების, სანქცირებულ პირებთან. აღნიშნული კვლევა დასრულებულია და მათთან "ზოლოტაია კორონას" კავშირი არ ფიქსირდება. შესაბამისად, უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს აღნიშნული სისტემა. ეს შეფერხება უფრო ტექნიკური ხასიათის მოკვლევას უკავშირდებოდა“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ bpn-თან საუბრისას.

ცნობისთვის: Unistream-ისა და Contact-ის შემდეგ, "ზოლოტაია კორონა" იყო მესამე ფულადი გზავნილების რუსული სისტემა, რომლიდანაც გადარიცხვები შეჩერდა (დროებით).

Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

რაც შეეხება "ზოლოტაია კორონას", მისი საშუალებით ქვეყანაში თანხის გადმორიცხვა უკვე აღდგენილია. 2024 წლის ბოლო, ივლისის სტატისტიკის მიხედვით, მასზე მოდიოდა მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 23.6% და საქართველოდან გადარიცხვების 33.9%. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში ფულადი გზავნილების აღნიშნული სისტემით გადმორიცხა 70.276 მლნ დოლარი, უცხოეთში კი 11.355 მლნ დოლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება შვიდი თვის სტატისტიკას, წელს იანვარ-ივლისში "ზოლოტაია კორონას" გავლით საქართველოში შემოვიდა 463.210 მლნ დოლარი, რაც მთლიანი გზავნილების 23.7%-ს შეადგენს. შვიდ თვეში ქვეყანაში მთლიანად 1.954 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები