Accentnews.ge
„საქართველოს მთავრობა ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული, რა სურს რუსეთისგან და გაურკვევლობას ქმნის ბევრ დონეზე“

„საქართველოს მთავრობა ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული, რა სურს რუსეთისგან და გაურკვევლობას ქმნის ბევრ დონეზე“

28/01/2020 07:29:08 პოლიტიკა

ალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის რობინ შეპარდის დაკვირვებით, რუსეთი ე.წ. ბორდერიზაციით ბულინგს ეწევა, მიზანი კი საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა.

„რის მიღწევას ცდილობს რუსეთი? რუსეთი ამ მოქმედებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან დამატებით ტერიტორიას არ იღებს. ერთ ნაკვეთის აქ მითვისებით და მეორე ბაღის იქ წართმევით, საბოლოო ჯამში რუსეთისთვის არაფერი იცვლება. ვფიქრობ, ოკუპაციაზე დამატებული ეს ბორდერიზაცია მიზნად ისახავს საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას. ისინი ამოწმებენ, რამდენი გაუვათ, სადამდე წავლენ, უფრო მეტად როგორ დააშინონ. ისინი ბულინგს ეწევიან. წარმოიდგინეთ ეს საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში რომ ხდებოდეს. ამ ქვეყნების მთავრობები მყისიერად და მკაცრად იმოქმედებდნენ. არ ვეუბნები საქართველოს მთავრობას რა გააკეთოს. მე, როგორც ბრიტანელს, ვერ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა მსგავს სიტუაციაში. თუ საკუთარი სუვერენიტეტის გჯერა, უნდა დადგე და საერთაშორისო დონეზე ის მტკიცედ დაიცვა“,– ამბობს შეპარდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე, რამდენად ლოგიკურია მთავრობის ნაბიჯები, როდესაც ის ჟურნალისტებს და აქტივისტებს ბორდერიზაციის შემთხვევების დასაფიქსირებლად საოკუპაციო ხაზთან არ უშვებს, შეპარდი პასუხობს: „საინტერესოა... რატომ აკეთებს ამას მთავრობა? რის ეშინია? სავარაუდოდ, საქართველოში ყველამ იცის, რომ ეს ხდება. ბორდერიზაცია საიდუმლო არავისთვისაა. ეს არის ის, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს არ ესმით. მათ დემოკრატია არ ესმით. ჰგონიათ, რომ თუ ხალხს გააჩუმებენ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ისინი ხალხს არ ენდობიან.

ჟურნალისტებისთვის წვდომის შეზღუდვა ჩემთვის იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა ცდილობს რუსეთი არ გააბრაზოს. ეს ძალიან უცნაური სიტუაციაა - მთავრობა ჟურნალისტებს არ აძლევს საშუალებას გააშუქონ ის, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში. ეს ძალიან არეული სიტუაციაა. საქართველოს მთავრობა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა სურს რუსეთისგან. ეს კი გაურკვევლობას ქმნის ბევრ დონეზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S