შეპარდი: „კონგრესს აქვს ბერკეტები, საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს“
28/01/2020 07:45:26 პოლიტიკა
ალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის რობინ შეპარდის შეფასებით, კონგრესმენების კიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიწერილი კრიტიკული წერილები მიანიშნებს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ.
„ისინი [საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდი] ამ წერილებს უნდა მიესალმონ კიდეც. შეერთებული შტატები გლობალური ძალაა და სამყაროს გლობალური ძალის ლინზით უყურებს. ძალიან რთულია ამერიკაში ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის, სენატის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიქცევა. ის ფაქტი, რომ კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს წერილი გაუგზავნა - ორი თვით ადრე კიდევ იყო მსგავსი წერილი - იმას ნიშნავს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ. ამერიკა საქართველოს პრობლემებს ვერ გადაუჭრის, ეს თვითონ საქართველომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამერიკას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ან ღირებულებების თანხვედრაზე განცხადება გააკეთოს საერთაშორისო ფორუმებზე.
ამერიკის კონგრესს უკიდურესად გავლენიანი რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს წერილები კარგის ნიშანია იმიტომ, რომ ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის კონგრესში ადამიანები საქართველოზე ფიქრობენ და მას ყურადღებას აქცევენ. საქართველოზე ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს. კონგრესის წერილებთან ერთად, დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა კრიტიკული განცხადება, ევროკავშირმაც იგივე გააკეთა. მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია“,– ამბობს შეფარდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ კრიტიკოსები პარტნიორი ქვეყნებიდან არასწორად არიან ინფორმირებულები, შეპარდის დაკვირვებით, „მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ“.
მისივე თქმით, „საქართველოს გარეთ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში რაღაცა პრობლემური ხდება“:
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახა. მე ასე შორს არ წავიდოდი. საქართველოზე ხელი არავის ჩაუქნევია. უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული. არავინ აკრიტიკებს ქართველ ხალხს, არავინ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება. თუ ვინმეს რეპუტაცია ილახება, ეს მთავრობის რეპუტაციაა და არა ქვეყნის“.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა აპელირებას, რომ კრიტიკულ წერილებს 335 კონგრესმენიდან მხოლოდ ოთხი წერს, შეპარდი პასუხობს:
„მართალია, რომ კონგრესში 435 წარმომადგენელია და სენატში 100 სენატორი. ამ რაოდენობიდან, 4 ადამიანი მათემატიკურად ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობა. ფაქტი ისაა, რომ ამერიკის კონგრესი წარმოუდგენლად ბევრ საკითხზე მუშაობს, როგორც შიდა პოლიტიკის ასევე საგარეო ურთიერთობების მხრივ. ამ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, ისინი კომიტეტების წევრები არიან და ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ. ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ: ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს“.


