Accentnews.ge
"აგენტების კანონის" კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

"აგენტების კანონის" კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

29/08/2024 07:16:40 სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევა იოსელიანმა 29 აგვისტოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით.

"მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს. ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა", - ნათქვამია მოსაზრებაში.

მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრების სრული ტექსტი იხილეთ აქ.

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება. საქმეს განიხილავს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S