Accentnews.ge
ბურჯანაძე: "აგენტების კანონი" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე პირთა ვინაობის გამოქვეყნებასაც ითვალისწინებს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

ბურჯანაძე: "აგენტების კანონი" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე პირთა ვინაობის გამოქვეყნებასაც ითვალისწინებს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

29/08/2024 09:34:39 სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემუქრებათ.

როგორც მან განმარტა, "აგენტების კანონი" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე პირთა ვინაობის გამოქვეყნებასაც ითვალისწინებს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

"კანონთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი ისევე, როგორც ორგანიზაციის მიერ გადახდილი ყველა გადასახადი. თუ ორგანიზაცია ვინმეს ქირაობს, ხელფასს უხდის, ვინმესგან სერვისს იღებს, ეს ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ ხელფასს, ჰონორარს უხდიან. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სახელების და გვარების გამოქვეყნება. ზოგჯერ ადამიანის უფლებების კუთხით საქმიანობას პროფესიული კონფიდენციალობა სჭირდება იმიტომ, რომ საშიშ ადგილებში მყოფი პირების გვარები და სახელები არ გახდეს ცნობილი, არ გახდეს ცნობილი რა ტიპის ინფორმაციის დოკუმენტირებას ახდენენ, რათა შემდგომ მოხდეს ამ ინფორმაციის გამოყენება თვით სახელმწიფოს მიერ. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამ რეესტრით შეიძლება, გასაჯაროვდეს და იმ ადამიანების, ორგანიზაციების წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას",– განაცხადა ბურჯანაძემ.

საპასუხოდ სხდომის თვმჯდომარე მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მიმართა, რომ ხსნებეულ კითხვას უპასუხოს.

ამ ეტაპზე სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი 14:30 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონის“ განხილვა დღეს დაიწყო.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S