ზურაბიშვილმა PACE-ში საარჩევნო სისტემაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა
28/01/2020 14:19:03 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.
“საარჩევნო სისტემაზე საქართველოში ბევრი დისკუსია იყო, რაც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილია და პოლიტიკური პარტიების ინტერესს წარმოადგენს. ამ საკითხზე არ მილაპარაკია საქართველოში და არ ვილაპარაკებ ამ ასამბლეაზე, მაგრამ როგორც კონსტიტუციის გარანტს, შემიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს ODIHR-ის რეკომენდაციებზე, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას შეეხება და იმედოვნებს, რომ ყველა რეკომენდაცია თუ არა, უმეტესობა იქნება იმპლემენტირებული 2020 წლის არჩევნებისთვის.
ცნობისთვის: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. სადღეისოდ მოქმედი საარჩევნო სისტემით, 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით. თავის მხრივ ოპოზიცია მმართველ გუნდს ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს.


