
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 26-28 აგვისტო
02/09/2024 18:34:04 კონფლიქტები
რუსულ-აფხაზური „მთავრობათაშორისი“ კომისიის სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო
მოსკოვსა და სოხუმს შორის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც 26 აგვისტოს იყო ჩანიშნული, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.
სოციალური მედიის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან საკუთარ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, ხოლო საპასუხოდ სოხუმისგან არაფერს იღებს. პირველ რიგში, საუბარია ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამით გათვალისწინებულ ე.წ. შეთანხმებაზე რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე, რომლის ხელმოწერაზეც ამ ეტაპზე სოხუმმა უარი განაცხადა, ასევე ჩაგდებულ „კანონპროექტებზე“ აპარტამენტებისა და უცხოური აგენტების შესახებ. სწორედ ამიტომ, რუსეთმა, რომელსაც მოთმინების ფიალა უკვე აევსო, აფხაზეთისთვის გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება დაიწყო, რაც სოხუმს შესაძლოა წელიწადში 10 მილიარდი რუბლი დაუჯდეს. „არც ბჟანია და არც ანქვაბი მიღწეული შეთანხმებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და ყველაფერს პარლამენტის დეპუტატებს (უპირველესად, სპიკერს ლაშა აშუბას..., ასევე ოპოზიციის ანტირუსულ ქმედებებს) აბრალებენ. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფორმით თავის მართლება უბრალოდ სასაცილოა. პრეზიდენტს და მთავრობის მეთაურს საკმარისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული წონა გააჩნიათ იმისთვის, რომ პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებები გაიტანონ“, - აღნიშნავენ პოსტის ავტორები.
ტელეგრამ-არხებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ლიდერმა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საყვედური მიიღო (აღსანიშნავია, რომ ახლახან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა). „ჩავარდნა - ამ ერთი სიტყვით შეაფასეს მოსკოვში ბჟანიას მუშაობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში. საუბარი ძალიან ხისტი იყო, სახეზეა [რუსეთის] იმედგაცრუება. როგორც ჩანს, კრემლში ბჟანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გადაწყვეტილება, რომელიც მას [ბჟანიას] სავარაუდოდ არ მოეწონება. ამდენი ტყუილი და ცრუ დაპირებები რუსეთს ყელში ამოუვიდა“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველად 16 წლის მანძილზე, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ლიდერს „საერთაშორისო აღიარების დღე“ (26 აგვისტო) არ მიულოცა. თუმცა ადგილობრივი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ამ გარემოებას მოსკოვთან გაფუჭებულ ურთიერთობებს არ უკავშირებს. მისი თქმით, პუტინმა არც სამხრეთ ოსეთის ლიდერს მიულოცა, რაც განპირობებულია მისი სურვილით, წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ გააღიზიანოს.
„აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე დიალოგს რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ“, - კვიცინია
რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ელჩმა რუსეთში ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ „საელჩო“ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე აწარმოებს დიალოგს რუსეთში მყოფ რამდენიმე დიპლომატიურ მისიასთან.
„რუსეთის გარდა, ჩვენ რამდენიმე სხვა ქვეყანამ გვაღიარა, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან... ფაქტობრივად, ჩვენ ამ საკითხში ძალიან კარგ პროგრესს ვაღწევთ“, - აღნიშნა კვიცინიამ და დასძინა, რომ „პოლიტიკური მიზეზების გამო“ შეგნებულად არ ახსენებს ქვეყნებს, რომლებთანაც, მისი თქმით, დიალოგი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ე.წ. საელჩოები რუსეთში, ვენესუელაში, ნიკარაგუასა და სირიაში მუდმივად ცდილობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში სხვა დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის დამყარებას, მათ შორის სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის გზით. მსგავს ღონისძიებებზე გადაღებულ პროტოკოლურ სურათებს ისინი ხშირად როგორც „ოფიციალურ შეხვედრებს“ ასაღებენ.
მაქსიმ ღვინჯია: „რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება საერთაშორისო სამართლის გამარჯვება იყო“
აფხაზური გაზეთი „რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო საქარეო საქმეთა სამინისტროს ახალდანიშნულმა საგანგებო დავალებათა ელჩმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების პერსპექტივაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება იყო არა მხოლოდ პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც მისი „დამოუკიდებლობისკენ“ სწრაფვის კურსი განამტკიცა, არამედ საერთაშორისო სამართლის გამარჯვებად იქცა. „რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდგომ ჩვენმა ხალხმა საკუთარი უსაფრთხო მომავალი ირწმუნა. თუ მანამდე საქართველოსთან ახალი ომის მოლოდინში ვცხოვრობდით, აღიარების შემდეგ ვიგრძენით, რომ ომის საფრთხე აღარ გაქრა, და მომავალში ინვესტირება დავიწყეთ“, - დასძინა ღვინჯიამ. მისივე თქმით, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც პოლიტიკურ სტატუსზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
მაქსიმ ღვინჯიამ ხაზი გაუსვა სოხუმისთვის ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას. „ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ოფიციალურად ვართ წარმოდგენილი. ხელშესახები შედეგების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჟენევის მოლაპარაკებების ძალიან მნიშვნელოვანია. მის ფარგლებში ხანდახან წყდება აფხაზეთისა და საქართველოს ყოველდღიურ თანაცხოვრებაში არსებული პრობლემები და საზღვართან დაკავშირებული მწვავე პრობლემები. უბრალოდ ამ პლატფორმას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, არ არის საჭირო მთელი დროის დახარჯვა მტერთან მოლაპარაკებაზე, მეგობრებიც უნდა ვეძებოთ. მთელი ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია, ევროპა შემოვიარე. მახსოვს ის დრო, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მზად იყო, პირდაპირ გამოეგზავნა საკუთარი საქონელი და ჩვენი პროდუქცია ეყიდა. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ღვინჯიამ.
„საგანგებო დავალებათა ელჩად“ მაქსიმ ღვინჯია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 აგვისტოს დანიშნა. 2010-2011 წლებში მას „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობა ეკავა.
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა
გელა ინალიშვილი, რომელიც სოხუმის „დინამოში 1984-1989 წლებში თამაშობდა, აფხაზეთში ივლისში იმყოფებოდა და სოხუმის „დინამოს“ ეწვია. ის კლუბის მოთამაშეებს „დინამოს“ პრეზიდენტმა ასტამურ ადლეიბამ გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ინალიშვილის შეხვედრა სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებთან აფხაზეთში განხილვისა და კრიტიკის საგანი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ასტამურ ადლეიბა - იმ ბორის ადლეიბას შვილია, რომელიც 1978-1989 წლებში საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა და ხელი მოაწერა ლიხნის მიმართვას.
„ასეთი „თბილი“ შეხვედრის ორგანიზატორებს დაავიწყდათ იმის თქმა, რომ გელა ინალიშვილი არა მხოლოდ საბჭოთა „დინამოს“ მოთამაშეა, არამედ საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელია და ადრე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებშიც გამოდიოდა“, - აღნიშნავენ პოსტის ავტორები. ისინი ვარაუდობენ, რომ ინალიშვილმა აფხაზეთში შესვლის ნებართვა დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.
„აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. რატომ იყო საჭირო აფხაზეთში ვიზიტი და რა მიზნით გააცნეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები? ნაკლებად სავარაუდოა, რომ გელა ინალიშვილი მათ გაწვრთნის, ის ასევე არ არის მსოფლიო ფეხბურთის ვარკვლავი. და კიდევ, საქართველოს რომელ მოქალაქეს ჩამოიყვანენ შემდგომ ჩვენს ქვეყანაში?! ბიზნესმენები უკვე იმყოფებოდნენ; პრეზიდენტის მრჩეველმა ქართველი პოლიტიკოსები ხატთან ერთად ჩამოიყვანა; იმყოფებოდა მომღერალი, ახლა კი - ფეხბურთელი. ფაქტია, რომ ასლან ბჟანიამ თავისი თანამოაზრეების ხელით დაიწყო ქართული პროგრამის „ჩართულობა აღიარების გარეშე“ და თავისი მრავალდონიანი მოლაპარაკებების კონცეფციის განხორციელება“, - აღნიშნულია პოსტში.