
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29 აგვისტო - 1 სექტემბერი
03/09/2024 07:43:47 კონფლიქტები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს „შეუსრულებელი ვალდებულებების გამო“
ტელეგრამ-არხმა „აფხაზურმა პორტალმა“ გამოაქვეყნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს შორის გამართული შეხვედრის ოქმი, რომლის თანახმად 2024 წლის 1 სექტემბრიდან მოსკოვი სოხუმს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, სანამ აფხაზური მხარე „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამით“ ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. აღნიშნულ ვალდებულებებს შორის სახელდება სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირება, იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ „შეთანხმების“ ხელმოწერა, ასევე კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა (აპარტამენტების „კანონის“ მიღება). ფინანსური დახმარების შეწყვეტასთან ერთად, რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას მხოლოდ კომერციულ საფუძველზე მიაწვდის, რაც მისი საფასურის საბაზრო ტარიფით გადახდას გულისხმობს.
გარდა ამისა, ოქმის მიხედვით, ბჟანიამ კოზაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა ოპოზიციის იმ წევრებისთვის, რომლებიც „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებენ. მეტიც, ასლან ბჟანიამ აიღო ვალდებულება, რუსულ მხარეს შესაბამისი პირების სია გადასცეს. „გათვალისწინებულ იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანიას) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების მიზნების საზიანოდ მოქმედებენ, მათი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ავთენტურია, ნაწილი კი მას განიხილავს როგორც ყალბ ინფორმაციას, რომელსაც ოპოზიცია მიზანმიმართულად ავრცელებს ბჟანიას დისკრედიტაციის მიზნით. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებამ შექმნილ ვითარებაში მეტი დაბნეულობა შეიტანა. კერძოდ, „ადმინისტრაციამ“ უარყო ბჟანიას მიერ სიების გადაცემასთან დაკავშირებით ვალდებულების აღების ფაქტი, თუმცა ოქმის სხვა მუხლებთან დაკავშირებით კომენტარი საერთოდ არ გააკეთა, რამაც ოპონენტებს სპეკულაციების შესაძლებლობა მისცა. აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგის მოსაზრებით, შეთანხმება სიების გადაცემის თაობაზე კულისებში შედგა და არაფორმოლურ ხასიათს ატარებს, ხოლო მისი ასახვა ოფიციალურ დოკუმენტში თავად ბჟანიასთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ რუსეთის მოქალაქეობა უკვე ჩამოერთვათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ „დეპუტატს“, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ.
საკითხის გარკვევის მიზნით, ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური წერილი გაუგზავნეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, და დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა ან უარყოფის თხოვნით მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულმა დოკუმენტმა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა არა მხოლოდ ასლან ბჟანიას მისამართით, არამედ მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებითაც გამოიწვია. მაგალითად, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ვალერი ბგანბამ რუსეთის ქმედებები შანტაჟად და ზეწოლად შეაფასა და განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ დაუშვებელია. მსგავსი შინაარსის განცხადება პოლიტიკურმა მოღვაწემ ასლან კობახიამაც გააკეთა. „ჩემი აზრით, ეს თუ ფეიკი არ არის, ნამდვილი შანტაჟია. არავის ვურჩევ ისე მოიქცეს, თითქოს აფხაზეთი კარტების თამაშში მოიგო“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ მზად არის უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე, თუ მისი პოზიცია ვინმესთვის მისაღები არ არის.
ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით ბაშკორტოსტანში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც მისი დედაქალაქი უფას 450 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბჟანიას შეხვედრა რესპუბლიკის მეთაურთან რადი ხაბიროვთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედებისთანავე ბაშკორტოსტანიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისები განხორციელდება.
ასლან ბჟანიამ ასევე მოინახულა მდინარის სანაპიროზე სოხუმის მსგავსი კოლონადის მშენებლობის პროცესი. „უდიდეს სიმპათიას ვგრძნობ ბაშკორტოსტანის, მისი მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის მიმართ... სოხუმის კოლონადის ასლი ჩვენი ხალხების მზარდი კავშირების კიდევ ერთი დადასტურება იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორია მუდმივად იცოცხლებს და უფას მაცხოვრებლებს აფხაზეთის შესახებ ეცოდინებათ“, - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიამ ლუკაშენკოს იუბილე მიულოცა
აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 70 წლის იუბილე მიულოცა. მან ლუკაშენკოს წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა და ხაზი გაუსვა მის პირად წვლილს სოხუმისა და მინსკის „მეგობრული“ ურთიერთობების განვითარების პროცესში. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი დიდად აფასებს ბელარუსის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე და ადასტურებს მზადყოფნას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი უნაკლო პატიოსნება და პრინციპული პოზიცია სახელმწიფო მართვის ყველა მიმართულებით. თქვენი შეურიგებლობა კორუფციის მიმართ და სამართლიანობის გრძნობა სამაგალითოა მრავალი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის. თქვენი ბრძნული ხელმძღვანელობით, ბელარუსის რესპუბლიკამ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. თქვენი დაუღალავი შრომა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად უმაღლეს დაფასებას იმსახურებს“, - აღნიშნულია ბჟანიას მილოცვაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბჟანიას დავალებით, აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა მინსკშიც კი გაემგზავრა, რათა მისი საჩუქარი ლუკაშენკოსთვის პირადად გადაეცა.