
მდინარაძე - აფხაზებზე რუსეთის ზეწოლაზე: მოდით, ასეთ თემებზე შეფასებებში ფრთხილები ვიყოთ
04/09/2024 10:34:03 კონფლიქტები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე.
„მოდით, ჩვენ, ასეთ თემებზე შეფასებებში ფრთხილები ვიყოთ და ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ საქართველო არის მოწოდებული, არსებობდეს უმყარესი გარანტია, რომ შერიგება არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე, თუ გვიან ვეღარავინ ჩაერევა და ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და "გარკვეული ვალდებულებების" შესრულება მოსთხოვა.
შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა, გამოეწვია გარკვეული სანქციები“.
„1 სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია" - განაცხადა შამბამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც შესაძლოა, კომერციულ ფასში მოუწიოთ.
მან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი "დეპუტატისა" და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ "დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა":
„იცით, ის ყოველთვის გამოიყენება. რატომ წავიდეთ შორს, როცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა, როგორც მას მიაჩნია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ.“, - განაცხადა მან.
რუსეთში მოითხოვენ, აფხაზეთმა მიიღოს ე.წ. "აპარტამენტების კანონი", რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები დაუკანონდებათ.