04-09-2024 15:51:44 სამართალი
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს შესაძლოა, ახალი ბრალდება წარუდგინონ.
კერძოდ, როგორც დღვანდელ სასამართლო პროცესზე თქვა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, 13 აგვისტოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილეზე ფიზიკურად იძალადა და რომ ამ ეპიზოდზე გამოძიება დაწყებულია.
ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვალს ლილოში, სახლთან ახლოს იპოვეს. მას 59 ჭრილობა აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული - ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.