კალაძე – კონგრესმენების წერილებზე: "განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ცდება ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას"
29/01/2020 09:59:03 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, კონგრესმენების განცხადებები "ცდება ყოველგვარ მეგობრულ ურთიერთობას" და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც თავად განცხადებები, ისე ტონი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული პარტნიორი კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ.
„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყოველგვარი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენებისგან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კრიტიკული წერილები მიიღო.


