
ცხინვალის მკვიდრი უკრაინელებმა კურსკში დაატყვევეს
05/09/2024 08:39:31 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის - ცხინვალის მკვიდრი ედგარ ბეკოევი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში ტყვედ იგდეს.
ჟურნალისტი არზუ მამედოვა იტყობინება, რომ ბეკოევი რუსი მესაზღვრეა, რომელიც რამდენიმე წელია ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.
„ბეკოევის ოჯახმა დახმარებისთვის მომმართა. დაადასტურეს, რომ [გავრცელერბულ] ვიდეოში ედგარი ჩანს. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ სახლში“, - წერს იგი.
სოციალურ ქსელში ტყვედ ჩავარდნილი ბეკოევის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე საუბრობს. მებრძოლის თქმით, მასიური დაბომბვის შემდეგ მათ დანებება მოუწიათ. „სხვა გამოსავალი არ იყო. ან ნაწილებად დავშლიდნენ... ჩვენ დავნებდით“, - განაცხადა მან.
თითქმის ერთი თვის წინ უკრაინული ჯარები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ. კიევის ცნობით, ამჟამად აკონტროლებენ 1000-ზე მეტ კვადრატულ კილომეტრს და ასობით სამხედრო ტყვე იგდეს.