05-09-2024 15:10:39 პოლიტიკა ,ციტატა
"ზოგადად, ასეთი ტიპის ბრალდებები არის უპასუხისმგებლო თავისი შინაარსით: როცა შენ ეუბნები, რომ ამ კაცს შენ გაუხეთქე გული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და პირდაპირ უკავშირებ რაღაც ერთ შემთხვევას, რომლის ასე დაზუსტებით თქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ვიღაცას რაღაც შემთხვევაზე შეიძლება, რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ, უპასუხისმგებლობა. როგორც წესი, ეს ხდება პირიქით - ხელისუფლებას ადანაშაულებენ ხოლმე ასეთი ტიპის ზერელე დამოკიდებულებით და ახლა კურსი ხელისუფლებისგან არასწორია. არასწორია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარ განცხადებაზე მეტი პასუხისმგებლობა გეკუთვნის, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის“, - განაცხადა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.
როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე თქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა "ოცნების" წევრს ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
მოგვიანებით ამავე პარტიის წევრმა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაცური პროპაგანდა კლავს". ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ მისი სხვა თანაგუნდელებიც.
ბრალდებას "ტყუილების კასკადი, პროპაგანდა" უწოდეს ენმში და რიგი შემთხვევები გაიხსენეს.