
ლავროვი აფხაზეთის დასანქცირებას "ვალდებულებათა ბალანსს" უკავშირებს
05/09/2024 12:43:59 კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობათა გამწვავებას უარყოფს და აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტას "ვალდებულებათა ბალანსს" უკავშირებს.
როგორც სერგეი ლავროვმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, "არსებობს შეთანხმებათა პაკეტი, ხელმოწერილი რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების და დამტკიცებული ორი ქვეყნის მთავრობების მიერ, იგი მოიცავს გარკვეულ, ძალიან კონკრეტულ ვალდებულებებს და აუცილებელია ამ ვალდეულებების ბალანსის დაცვა, რაც აფხაზ მეგობრებსაც მშვენივრად ესმით".
შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად მან კიდევ ერთხელ მიიწვია მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა.
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ან კვირებში შევძლებთ ჩვენი შეხვედრის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, სხვა ჩვენი უწყებებიც უკვე აწარმოებენ შესაბამის სამუშაოს თავის აფხაზ კოლეგებთან. მაგრამ მთავარი აქ ყველა მიღწეული შეთანხმების შესრულებაა", — დასძინა ლავროვმა.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული რიგი მოსკოვური ინიციატივების დღემდე არაღასრულების გამო კრემლმა სოხუმს 1 სექტემბრიდან ფინანსური სანქციები დაუწესა. როგორც აღინიშნა, "ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია".
იხილეთ ასევე: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ