მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატებს მიმართავს – დეპუტატების პასუხი
29/01/2020 12:19:43 პოლიტიკა, სამართალი
პანკისში ჩატარებულის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალუკაშვილი "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მისი ვაჟის საქმეზე.
„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა დეპუტატებს ადამიანური თხოვნით მივმართო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შესაბამისად, მინდა იმ ადამიანებს მივმართო თხოვნით, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ უკვე წამოვიდნენ. ბრიფინგის პარლამენტში გამართვის საშუალება არ მოგვეცა და აქედან გამომდინარე, გარეთ გვიწევს ამ მიმართვის გაჟღერება. დიდი იმედი მექნება, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერთ. მინდა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, თუ რატომ იქნა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლული,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი მიმართვის ადრესატები არიან, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, მარიამ ჯაში, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გეგიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნინო გოგუაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი ბეგაძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ალექსანდრე ერქვანია და ზაზა ხუციშვილი.
თამარ ჩუგოშვილმა საკუთარი პოზიცია "ტვ პირველის" ეთერში დააფიქსირა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდება და თავად მხარს უჭერს, რომ საგამოძიებო კომისია მომდევნო მოწვევის პარლამენტში შეიქმნას.
„ადამიანები იმსახურებენ, უთხრან სიმართლე და თუ გაჩნდება ამგვარი მექანიზმი პარლამენტში, მე მხარს დავუჭერ ამ პრინციპიდან გამომდინარე“,– ასეთია ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია.
დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ღია კითხვებისა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საგამოძიებო კომისიამ უნდა იმუშაოს ისეთ საკითხებზე, რომლის მიმართაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩნდება კითხვები პროკურატურის საბოლოო დასკვნის შედეგად, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ რესურსს, რომ მან შეძლოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნის დადება.
მე მაქვს კითხვები და მგონია, რომ ის ბოლომდე გამოძიებული არ არის. არ ვიცი, რამდენად იყო საჭირო გასროლა, იყო თუ არა ეს ხელყუმბარა მართლაც თუ ჩაუდეს?“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


