
მოსკოვმა დაასახელა პირველი აფხაზი ოპოზიციონერი, რომელსაც რუსული სანქციები შეეხება
06/09/2024 10:34:25 კონფლიქტები
ცნობილია იმ პირველი აფხაზი ოპოზიციონერის ვინაობა, რომელსაც აფხაზეთში "რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის" რუსული სანქციები შეეხება. დე-ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი კან ქვარჩიაა.
"ოპოზიციონერი ქვარჩია ერთ-ერთია მათგან, ვინც საფრთხის ქვეშ აყენებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს. სწორედ ის დასცინოდა რუსულ არმიას - "იმდენად სუსტია, ხარკოვს ვერ იღებსო"... მსგავს რამეს კადრულობენ ადამიანები, რომლებიც მადლიერნი უნდა იყვნენ რუსეთის აფხაზეთის აღიარებისა და ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის! ამასთან, ცალკეული პერსონაჟები, ქვარჩიას ჩათვლით, სპეკულირებენ თემით "მიწის არც ერთ გოჯს არ დავთმობთ" და სამწუხაროდ, უკვე შეძლეს ზიანის მიყენება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთნდობის სულისკვეთებისთვის. რა გამართლება შეიძლება, ჰქონდეს იმას, რომ აფხაზეთის პარლამენტის რუსეთის მოქალაქეობის მქონე დეპუტატები არ თაკილობენ გზების ძიებას ორმხრივი ურთიერთობების დასაზიანებლად?! რეპრესიების მომხრე არასდროს ვყოფილვარ და მსგავს მოღვაწეებს აფხაზეთის მოქალაქეობას არავინ ართმევს, არავინ უშლით თავის სამშობლოში - აფხაზეთში ყოფნას, მაგრამ დროა, შეეშვან თავის რუსეთის მოქალაქეებად მოკატუნებას!" - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა რუსეთის მიერ აფხაზეთის მიმართ უკვე შემოღებული და სამომავლოდ დაანონსებული იმ სანქციების განმარტებისას, რომელთაგან ერთ-ერთი მოსკოვის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების მოწინააღმდეგე რიგი აფხაზი "დეპუტატებისთვის" რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ამასთან, ზატულინის მტკიცებით, აფხაზეთში მოხვედრილი რუსეთის მოქალაქეების უფლებები "მიწასთან სწორდება", რაც "გამოწვეულია წარსულის იმ ისტორიასთან დაკავშირებული სინდრომით, როცა აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ":
"სწორედ აქ იმალება იმ კონსპიროლოგიური თეორიების ფესვი, თითქოს აფხაზეთის ცალკეულ რაიონებში აპარტამენტების მშენებლობის შესახებ კანონის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის 140 მლიონივე მოქალაქე ერთბაშად აფხაზეთში გადაბარგდება, რის შედეგადაც აფხაზებს საცხოვრებელი აღარ დარჩებათ და სამშობლოს პატრონები აღარ იქნებიან".
"რეალურად კი, მსგავსი კონსპიროლოგია მხოლოდ ვნებს თავად რესპუბლიკას, აფუჭებს რა საინვესტიოციო კლიმატსა და აფრხებს მის განვითარებას და ამავდროულად, საშიშად აზიანებს რუსეთთან ურთიერთობებს" - დასძინა ზატულინმა.
იხილეთ ასევე: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ