
ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
06/09/2024 15:03:03 სამართალი
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დღევანდელ სასამართლომდე ეძგვერაძესთან გამომძიებელი იმყოფებოდა და ის გამოკითხა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ.
ის 2 დღის წინ დააკავეს საკუთარი სახლის სიახლოვეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".