06-09-2024 22:18:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილებს გამოეხმაურა.
"ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება",- თქვა პრეზიდენტმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას ტრადიციულად ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა და კვლავ შეაქო საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მთელი რიგი ანტიდემოკრატიული კანონების მიღების გამო.
საუბარია ამჯერად "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ სადავო კანონსა და ახლახანს მეორე მოსმენით მიღებულ ე.წ. "ლგბტ-პროპაგანდის საწინააღმდეგო" ("ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ") კანონზე. პირველთან მიმართებაში ლავროვმა კვლავ გაიმეორა სიცრუე, თითქოს კანონის ქართული ვარიანტი "ბევრად რბილია ფრანგულზე, პოლონურზე, ამერიკულზე", მეორესთან დაკავშირებით კი ამტკიცებს, რომ კანონი "ქართველი ხალხის ინტერესებშია".
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული, კულტურული ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა - ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.