Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 2-4 სექტემბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 2-4 სექტემბერი

10/09/2024 12:16:52 კონფლიქტები

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს „გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა“. ამავდროულად, მას არ დაუდასტურებია ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს შორის გამართული შეხვედრის ოქმის ნამდვილობა, თუმცა აღიარა, რომ დოკუმენტში ხსენებული საკითხები მოსკოვმა არაერთგზის დააყენა და განაცხადა, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს“. „ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, რომ ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - აღნიშნა შამბამ გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციის ლიდერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ „დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა“. აღსანიშნავია, რომ შამბამ მაგალითად ცხინვალის „პარლამენტის დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა მოიყვანა. „იცით, ის ყოველთვის გამოიყენება. რატომ წავიდეთ შორს, როდესაც სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა, როგორც მას მიაჩნია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მან.

შამბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი ნორმალური განვითარება აფხაზეთის ინტერესშიც შედის. „მე არ მჯერა, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევა შეუძლია“, - დასძინა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანვე ქართულ ოპოზიციას „კონფრონტაციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება სოხუმის ინტერესში არ შედის. „ის, რომ რუსეთი და საქართველო ერთ დღეს ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებენ, ვფიქრობ, არ უნდა გვაშინებდეს, რადგან მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ საქართველოში კონფრონტაციულად განწყობილ ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია“, - განაცხადა შამბამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ შამბას განცხადება სანქციებთან დაკავშირებით კრიტიკულად შეაფასა და განაცხადა, რომ სოციალური სფეროს მუშაკებისთვის დაფინანსების შეჩერება უკავშირდება არა სანქციას, არამედ 2022 წელს თავად დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას ხელფასების ზრდის თანადაფინანსებაში საკუთარი წილის გაზრდის თაობაზე. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უკმაყოფილება ამ ტერმინის გამოყენებამაც გამოიწვია. „არ ვიცი, რატომ გამოიყენა სერგეი მირონოვიჩმა [შამბამ] ისეთი ტერმინი, როგორიცაა „სანქციები“, რატომ უწოდა სანქციები ხელფასების თანადაფინანსების შეწყვეტას. ის გამოცდილი დიპლომატია და უნდა იცოდეს, რომ სანქციებს როგორც წესი არამეგობრულ ქვეყნების მიმართ იყენებენ. აფხაზეთი არის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ [რუსეთის] სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა ეკონომისტმა ახრა არისთავამ.

სერგეი შამბა: „აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამოცემა „იზვესტიასთან“ განაცხადა, რომ აფხაზეთის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გაეროში გაწევრიანება წარმოადგენს.

„უპირობოდ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია... ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არავის გაუუქმებია“, - დასძინა შამბამ.

მისივე თქმით, „აფხაზებს უარყოფითი გამოცდილება აქვს“, როდესაც აშშ და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე ზეწოლას, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები“. „სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კონტაქტი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ პირდაპირი ზეწოლა. მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად და ვეძებთ ახალ პარტნიორებს. ამ პროცესში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა შამბამ.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ.

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების პირობა დაასახელა

„მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან შეერთების შესახებ“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ „news.ru”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სუვერენული სახელმწიფოების საკითხები, რომლებსაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურთ, მხოლოდ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. „აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და იმ ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილი, სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გადაწყდება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა ლიდერებს. ამიტომ, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმი, თუ ხალხი გამოთქვამს რუსეთთან მიერთების სურვილს, მაშინ დაიწყება ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების რეალიზების სამართლებრივი პროცედურა“, - განაცხადა ვოდოლაცკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S