ადვოკატი: "ძლიერი საქართველოს" წევრი მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

10-09-2024 19:34:03 სამართალი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის ვუსალ კაიბოვის ადვოკატი აცხადებს, რომ კაიბოვი მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

"მან თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ის თავს გრძნობს უდანაშაულოდ. მისი განცხადებით, მისი ძმის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მან ნახა პირველად. მისი განცხადებით, არის 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული, 1 არის სრულიად გამოუსადეგარი, მისი სიტყვებით ვამბობ, რომ არის დაჟანგულ მდგომარეობაში, ხოლო, მეორე იარაღი, რომელიც არის ამოღებული, მისი განცხადებით, მან პირველად ნახა. მისი თქმით, მან პირველად ნახა ორივე აღნიშნული იარაღი. პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს ამ ბრალდებას, რომელიც ჯერ არ არის წაყენებული, თუმცა, დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე", - განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, კაიბოვის ადვოკატმა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, "კაიბოვის სახლში სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღთან არც კოალიციის წევრს და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს შეხება არ აქვთ".

დაკავებულს ცეცხლსასროლი ირაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცავებმა კაიბოვის სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ვ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები