
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 5-8 სექტემბერი
11/09/2024 06:04:44 კონფლიქტები
„მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში გართულდება“, - დელბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვმა სოხუმს 141 მილიონი რუბლის ოდენობის ყოველთვიური დახმარება შეუჩერა. მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა წლიური დახმარების 1/12-ია.
დელმაბ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია „აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო“. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობას 1-ელ აგვისტომდე უნდა მოეხდინა რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირება“.
ე.წ. ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, თუმცა „მომავალ პერიოდში ეს ცოტა გართულდება“. „დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, - დასძინა დელბამ.
სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა
აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა განპირობებულია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვის აუცილებლობით, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”.
“გამწვავებას არ დავარქმევდი ამას... ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტების მიერაა სანქცირებული და დამტკიცებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, ყველა მხარეს საკუთარი ვალდებულებები გააჩნია. საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ამ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული, და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით ”, - განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ასევე ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მოსალოდნელ ვიზიტზე მოსკოვში. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სააგენტოებიც მუშაობენ აფხაზ კოლეგებთან. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მთავარია მოხდეს ყველა მიღწეული შეთანხმების განხორციელება“, - აღნიშნა მან.
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კან კვარჩიას, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა „gazeta.ru”-სთან ინტერვიუში განაცხადა რომ აფხაზეთის „პარლამენტში“ არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ.
„საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი თავს არიდებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ დაპირებების შესრულებას. მაგალითად, იგი არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები [მისი რატიფიცირების შესახებ] გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენის გამო, რომელსაც აწარმოებენ ზოგიერთი პირები (მათ შორის დეპუტატთა კორპუსიდან). როგორც ვიცი, ეს არის ახსნა. ყველაფერი დანარჩენი, როგორც მე მესმის, შემდგომი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესშია“, - დასძინა ზატულინმა.
ზატულინი თვლის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატების „აქტიური უმცირესობა“ რუსეთთან შეთანხმებების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ცდილობს „აღნიშნული შეთანხმებების უკან სუვერენიტეტისთვის რაიმე სახის საფრთხე დაინახოს“. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას „მესამე სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლებიც უცხოეთიდან, უცხოური გრანტებით ფინანსდებიან“.
აღსანიშნავია, რომ ზატულინმა დაასახელა აფხაზი „დეპუტატი“, რომელსაც შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. მისი თქმით, ერთ-ერთი, ვინც „რუსეთ-აფხაზეთის განსაკუთრებულ ურთიერთობას“ ემუქრება, არის აფხაზეთის პარლამენტის წევრი კან კვარჩია, რომელიც რუსულ არმიას მისი სისუსტის გამო დასცინოდა, მაშინ როდესაც რუსეთის მადლიერი უნდა იყოს აფხაზეთის მხარდაჭერისა და აღიარებისთვის. “დიახ, უნდობლობის მიზეზები არსებობს. არის დაპირებები, რომლებიც მუდმივად, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე არ სრულდება სწორედ იმ დროს, როდესაც აფხაზეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ რუსეთის მოქალაქეცაა... ზოგიერთს მიაჩნია, რომ ჯიბეში ორი პასპორტის ქონაში ცუდი არაფერია. რეპრესიული ქმედებების მომხრე არ ვარ, მათ აფხაზურ მოქალაქეობას არავინ ართმევს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებაც აქვთ. მაგრამ შეწყვიტონ თავის მოკატუნება, ვითომ რუსეთის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა ზატულინმა.
თავის მხრივ, კან კვარჩიამ მისი მისამართით გაკეთებული განცხადება უპასუხოდ არ დატოვა და ზატულინს საპასუხო კომენტარით მიმართა. მან განაცხადა, რომ ზატულინმა საკუთარ თავს უფლება მისცა აფხაზ ხალხს ჭკუა ასწავლოს და დაადანაშაულოს იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რომლებიც „დაუფიქრებლად და წინდაუხედავად“ საკუთარ თავზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აიღო. „ძალიან ვაფასებ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერას ომისა და ომისშემდგომ რთულ პერიოდში, მაგრამ ეს არავის აძლევს იარლიყების მიკერებისა და ფაქტების დამახინჯების უფლებას. აფხაზი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების განხილვებში დაცინვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, კონსტანტინ ფიოდოროვიჩს [ზატულინს] ისევ რაღაც აერია. მისი კრიტიკისა და აღშფოთების ადრესატი არა მე და აფხაზი ხალხი უნდა ვიყოთ, არამედ პრეზიდენტი ბჟანია და მისი წარუმატებლობა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებაში“, - აღნიშნა კან კვარჩიამ საკუთარ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვარჩიას მხარში ამოუდგნენ. მათ ზატულინს განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები აფხაზი „დეპუტატისა“ და ომის ვეტერანის მისამართით მიუღებელია, და დაგროვილი საკითხების განსახილველად დუმის წევრს შეხვედრა შესთავაზეს.