მდინარაძე – სენატორების წერილზე: „გვექნება ბევრი კამათი“
30/01/2020 09:53:42 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სენატორების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე „ბევრი საუბარი, თუნდაც ბევრი კამათი“ ექნება.
„შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ კრიტიკას საფუძვლად დაედო რამდენიმე არასწორი ფაქტი. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს. ამის აღმოფხვრის საშუალება მხოლოდ ერთადერთია - პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან... შევეცდებით, რომ მათ რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის ვიდეო - მტკიცებულებები,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე ამბობს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს აშშ–ისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვის რისკი:
„ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, არანაირი საფრთხე იმისა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არ არსებობს. საქართველო აგრძელებს პარტნიორობას ყველა ფორმატში და ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუშვებს, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო ეჭვქვეშ დადგეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. უფრო დაზუსტებით ეს თემები გაირკვევა ჩვენი ვიზიტის დროს აშშ-ში, რომელიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში“.
მდინარაძე ასახელებს მისი შეფასებით, არასწორი ინფორმაციის წყაროებს:
„ამ არასწორი ინფორმაციის წყარო არის ის ხალხი, რომელთაგან ნაწილი კრემლის აგენტობაზე ოცნებობს, ნაწილი - სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი იყო კრემლის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. როდესაც მათ ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ აქვთ, ამასაც კი გაახმოვანებენ ხოლმე. სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს“.
ბოლო კვირაა საქართველოს მთავრობა სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკულ წერილებს იღებს.


