ვოლსკი: „გავრილოვის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა“
30/01/2020 10:06:20 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „კომუნისტი“დეპუტატის სერგეი გავრილოვის შეფასებები და ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა და მხოლოდ იმას ეხმარება, რომ საქართველოში, პოლიტიკურ ველზე მეტი დაძაბულობა იყოს.
„რუსი პოლიტიკოსის, მით უმეტეს გავრილოვის განცხადებების შეფასება შეიძლება, მხოლოდ ერთი რაკურსით. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში, პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოს. ჯობდა, გავრილოვი იმ სავარძელში არ ჩამჯდარიყო, რამაც საქართველოს ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო მიმართულებაზე არანაირი პოლიტიკური გავლენა არ გამოიწვია, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა განაპირობა და ეს ზუსტად იცის. აქედან გამომდინარე, მისი შეფასებები, ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა და მხოლოდ იმას ეხმარება, რომ პოლიტიკურ ველზე უფრო მეტი დაძაბულობა შემოვიდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის: სერგეი გავრილოვმა რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება “სერიოზულ სიგნალად” აღიქვა და დაასკვნა, რომ როგორც ჩანს, “საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგას”.
“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, გადავიდეს აქტიური ნაბიჯების გადადგმაზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ელჩების გაცვლის ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეს მახლოებასთან ერთდ. საქართველო იყო მრავალეროვანი … ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვნული რესპუბლიკა”, – განაცხადა რუსეთის “საპარლამენტო გაზეთის” ცნობით, გავრილოვმა.
მისივე თქმით, “მართლმადიდებელი დეპუტატები”, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში ჩავიდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილის პირობა ნამდვილი აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლში მოთავსებას ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.


